თაზო დათუნაშვილი – ათონელის სასახლესთან პროვოკაცია „ქართულმა ოცნებამ“ და რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს, არჩევნებში კი, თვითმმართველობის წინა არჩევნებთან შედარებით, გაორმაგება და გასამმაგება გვაქვს „ლელოს“ შედეგის

ირაკლი კირცხალიას ერთი წიგნი რომ ჰქონდეს წაკითხული დიპლომატიაზე, მიხვდებოდა, რა იდიოტობას ალაპარაკებენ – 4 ოქტომბრის მოვლენების გამოყენება უნდათ, რომ ერთი მხრივ რეპრესიები გაამძაფრონ, პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს მისცენ ახალი სიცოცხლე, მეორე მხრივ კი რუსული სპეცსამსახურების დავალება შეასრულონ, დასავლეთთან მტრობის ფრონტი გახსნან,- ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გაკეთებულ განცხადებებს, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს, თუმცა ვიდრე ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული ელჩების გაძევება ეფექტურად ვერ იმუშავებს.
როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, რომელმაც დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთა, „ხეპრე კაცია, რომელმაც არ იცის რას ბოდავს“.
„ეს კაცი [ირაკლი კირცხალია] არის გაუნათლებელი ყმაწვილი. ერთი წიგნი რომ ჰქონდეს წაკითხული დიპლომატიაზე, მიხვდებოდა, რა იდიოტობას ალაპარაკებენ, უბრალოდ გაუნათლებელი, ხეპრე კაცია, რომელმაც არ იცის, რას ბოდავს. 4 ოქტომბრის მოვლენების გამოყენება, რაც ქუჩაში ხდებოდა, უნდათ იმისთვის, რომ ერთი მხრივ რეპრესიები გაამძაფრონ, პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს მისცენ ახალი სიცოცხლე, მეორე მხრივ კი რუსული სპეცსამსახურების დავალების შესრულება, დასავლეთთან მტრობის ფრონტის გახსნა. ეს არის ივანიშვილის „დილიხორი“ და რუსული სპეცსამსახურების დავალება. ეს გაუნათლებელი ყმაწვილი სახეა, რომელიც ამ ყველაფერს საუბრობს. კირცხალია, მარიამ ლაშხები…ეს ხალხი სოციალური ნაგავია, სახადი, რომელიც უნდა მოიშოროს საზოგადოებამ. მათი არსებობა პიროვნულად არაფერს ნიშნავს, ეს არის საბჭოთა კავშირის ბოლო გათამაშება ამ ქვეყანაში, ბოლო რუსეთუმეები,- აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
ამასთან, თაზო დათუნაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი ევროპელ პარტნიორებს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დაგმობას ითხოვენ. როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს მოცემულობა, რომელიმე ელჩს გადატრიალებისთვის მხარი დაეჭირა. ამასთან, დასძენს, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა და „ქართულმა ოცნებამ“ იცის იმ მოვლენების შესახებ, რაც 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან განვითარდა.
„ქართული ოცნება“ ცდილობს საღორედ გადააქციოს პოლიტიკური ველი. 4 ოქტომბერს იქ რაც ხდებოდა, პოლიტიკურმა სპექტრმა არ ვიცოდით. მე ვიცი, ვინ იცოდა – „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რა ხდებოდა იქ. რუსულმა სპეცსამსახურებმა იცოდნენ, რა ხდებოდა იქ. მათ მოახდინეს ეს პროვოკაცია, მათი ხელი ურევია ამ პროვოკაციაში. ამ ყველაფრის მიზანი იყო რეპრესიების წარმოება. რა ელჩები, რის ელჩები! რომელი ელჩი ნახეთ, რომ მხარი დაეჭირა რომელიმე ასეთი ქმედებისთვის. არ არსებობს მოცემულობა, სადაც რომელიმე ელჩმა ჩვენი დასავლური პარტნიორებიდან მხარი დაუჭირა ამ ქვეყანაში გადატრიალებას. არ არსებობს, ტყუილია! – აღნიშნა დათუნაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს, როგორც თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, „არაფერი გამოვიდა იქიდან, რაზეც ბაქი-ბუქი მიდიოდა“.
„რაც მოხდა 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, შემდეგ ორბელიანების სასახლესთან, ეს იყო პოლიტიკური ავანტიურა. მთელი წინა პერიოდი, გარკვეული პოლიტიკური ლიდერები და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერს რაღაცას დაიწყებდნენ და 4 ოქტომბერსვე დაამთავრებდნენ. 4 საათში დაანონსებული რევოლუცია მოხდებოდა.
ქართულ საზოგადოებას ბოლო ენერგია და იმედი, როგორც პოლიტიკურმა ვამპირებმა გამოუღეს, მცდარი მოლოდინი შექმნეს. არაფერი გამოვიდა იქიდან, რაზეც ბაქი-ბუქი მიდიოდა.
პირველ რიგში, საპროტესტო 314-დღიანი მოძრაობის იმედგაცრუება მოხდა, იმის დისკრედიტაცია , რაც 315-ე დღეა მოდის. ასევე, ხალხში ნიჰილიზმის გაღვიძება. მეორე მხრივ, დააზიანეს საარჩევნო პროცესი. „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საარჩევნო პროცესი ყოფილიყო მნიშვნელოვანი ბრძოლის ველი ამ წინააღმდეგობაში, არ დაგვეთმო ყველაფერი კალაძისთვის და ივანიშვილისთვის. საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოხდა. ხალხის არ მოსვლასა და დაბალ აქტივობაზე პასუხისმგებელია ის ბოიკოტი, რომელმაც იმუშავა“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
გარდა ამისა, მან თვითმმართველობის არჩევნებსა და მის შედეგებზეც ისაუბრა. როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, მათ შორის ბოიკოტის შედეგია ის, რომ ვერ მოახერხეს ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის დარწმუნება, რომ არჩევნებზე მოსვლა საჭირო იყო. მისივე თქმით, პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა, როდესაც იცი, რომ თბილისში გაქვს შანსი მოიგო და ამას არ აკეთებ.
„წინა თვითმმართველობის არჩევნებს თუ შეადარებთ, ჩვენ დღევანდელ მონაცემებს, გაორმაგება და გასამმაგება არის ჩვენი შედეგის. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გვქონდა 47 ათასი ხმა, ამ არჩევნებში 100 ათასამდე ხმა მივიღეთ. ეს შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებზე, არ არის კარგი საქართველოსთვის. მე არ მითქვამს არასდროს, რომ სხვისი ბრალია ჩემი საარჩევნო შედეგი, არა. ის უპასუხისმგებლობა, რასაც ერქვა ს ბოიკოტირება პოლიტიკური ძალების მხრიდან, კი, ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, პოლიტიკური პარტიების მთავარი საქმე არის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. არის პოლიტიკური პროცესის ყველაზე ნათელი ასახვა. როდესაც იცი, რომ თბილისში გაქვს შანსი მოიგო და ამას არ აკეთებ, ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემა არის, მაგრამ, მათ შორის ბოიკოტის შედეგია ის, რომ ვერ მოვახერხეთ ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის დარწმუნება, რომ არჩევნებზე მოსვლა საჭირო იყო. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაკვეთა იყო ხელისუფლების შეცვლა. ავტოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირზე ვცხოვრობთ. ჩვენი მტერი, ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით იყენებს ყველა ბერკეტს პოლიტიკური პროცესის დათრგუნვისთვის. ის ზღუდავს პოლიტიკურ ველს და კლავს პოლიტიკურ ველს. ზღუდავს თავისუფალ მედიას, ებრძვის NGO სექტორს. მეორე მხარეს აღმოჩნდა პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, რომელმაც აუწყო ფეხი ამ პოლიტიკური ველის განწირვას, თქვა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთ. ამ ორმა მხარემ იმუშავა, რომ ვერ მოვახერხეთ და ვერ დავარწმუნეთ ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოსულიყო საარჩევნო ურნასთან და ასე გადაარჩინა ქვეყანა, თბილისის გათავისუფლება იყო საჭირო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმ ერთობისთვის, რომელიც საჭირო იყო კალაძის დასამარცხებლად და შესაძლებელიც იყო. ჩვენ შემდეგ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კამპანიის და არჩევნების დღეს გვეჩვენებინა ბრძოლის მაგალითი. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათ შორის იმაზე, რომ ვერ დავარწმუნეთ საკმარისი რაოდენობა თბილისელების, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების გარეშე, რომლებიც საჭირო იყო კალაძის შესაცვლელად“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.
კითხვაზე, რა არის ბრძოლის ეფექტური ველი, რომელსაც „ლელო-ძლიერი საქართველო“ დაიწყებს არჩევნების დასრულების შემდეგ, თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ პოზიციას არ შეცვლის იმ თანმიმდევრულ გზაზე, რომელიც არის ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ხელისუფლების შეცვლა საპარლამენტო არჩევნების გზით.
„ამ გზაზე ვიქნებით შეუპოვრები. მხოლოდ ამ გზაზე ვივლით, არსად გადავუხვევთ, არავის დავინდობთ ამ პროცესში შეფასებისგან და არ მივცემთ საშუალებას იმ სწორი პოლიტიკური გზის დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელზეც ვდგავართ. ბრძოლის ყველა ველზე ვიბრძოლებთ. ივანიშვილის დამარცხება გადის წინააღმდეგობის მოძრაობაზე. წინააღმდეგობის მოძრაობის ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოხატულება არის მშვიდობიანი პროტესტი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მშვიდობიან პროტესტს. ვიბრძოლებთ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საკრებულოებში თუ პოლიტიკურ პარტნიორებთან ქვეყნის გარეთ, რომ ახალი არჩევნები მივიღოთ. ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. ვიბრძოლებთ, წინააღმდეგობაში ვიქნებით, პროტესტსაც გავაძლიერებთ რომ მივიღოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.