თავს დაესხნენ “გირჩის” წევრ ბორის (ჩელე) ყურუას და “ახლის” წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს

9 მაისს საღამოს თავს დაესხნენ პოლიტიკური პარტიების “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “ახალი” წევრებს, ბორის (ჩელე) ყურუასა და ნოდარ ჩაჩანიძეს.
ორივე მათგანზე თავდასხმას მათ პარტიებში ადასტურებენ.
როგორც “გირჩი-მეტი თავისუფლებიდან” ნეტგაზეთს ეუბნებიან, ბორის ყურუა ტელეკომპანია “ფორმულადან” სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ჩასაფრებული პირები მას თავს დაესხნენ.
“როგორც გუშინ დაესხნენ სხვებს თავს, ისე ჩაუსაფრდნენ სახლთან ჩელესაც. ნაცემია. თავი სტკივა ძალიან და მეტად მძიმე დაზიანებები თავის არეში აქვს, როგორც ჩანს”, – გვეუბნებიან პარტიაში.
მომხდარს სოციალური ქსელით ადასტურებს თავად ყურუაც და ამბობს, რომ მინიმუმ 6 ადამიანი დაესხა თავს.
ჩასაფრებული თავდამსხმელების სამიზნე გახდა პოლიტიკური გაერთიანება “ახლის” წევრი ნოდარ ჩაჩანიძეც.
7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან.
8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმის ფაქტები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.
9 მაისს დილით -მ განაცხადა, რომ აქციებზე 6 პირი დააკავა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, თუმცა უწყებას სიტყვა არ უთქვამს წინა ღამით ნაცემი ადამიანების შესახებ, რასაც წინ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები უძღოდა.
„ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.
ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
კვირების მანძილზე ქუჩებში გამოსული ათი ათასობით ადამიანის საპირწონედ, ხელისუფლებამ 29 აპრილს მოაწყო კონტრაქცია, სადაც მთელი საქართველოდან მოახდინა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება.
“ქართულმა ოცნებამ” ასევე დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი მტკიცებით, “ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავარ ფოტოზე: ბორის (ჩელე) ყურუა
· ხაზარაძე: შეიქმნას ფონდი, რომელიც დაეხმარება საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულებს
· ბლოგერისა და აქტივისტის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა
· EU საქართველოს მთავრობას ძალადობრივი ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ასევე დაგაინტერესებთ