მოძრაობა თავისუფლების მოედანმა დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
მოძრაობის ლიდერის ლევან ცუცქირიძის თქმით, ახალი გეგმა წინააღმდეგობის მოძრაობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
გეგმა სრულად:
“1. თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ვიწყებთ თბილისის სხვადასხვა უბნებისა და მთელი საქართველოს შემოვლას უახლოესი თვეების განმავლობაში. კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანთ სიმართლეს და ხელს შევუწყობთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას – ყველგან, სადაც მოქალაქეები გადაწყვეტენ იბრძოლონ წართმეული სახელმწიფოს დასაბრუნებლად.
2. ჩვენი რწმენისა და შესაძლებლობების დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს, ხალხთან ერთად ჩავატარებთ მრავალრიცხოვან სამოქალაქო, დემოკრატიულ ყრილობას, სადაც მთელი ქვეყნიდან შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებსა და მათ დელეგატებთან ერთად, დავამტკიცებთ ბრძოლის შემდგომ გეგმას, “თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის” და ერთად მივიღებთ ყველა სხვა პრინციპულ და აუცილებელ გადაწყვეტილებას შემდეგ ნაბიჯებზე.
3. უახლოეს 30 დღეში, ჩვენ წარმოვადგენთ “თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის” – ნათელ და კონკრეტულ ხედვას ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ გარდამავალი ეტაპისთვის, რათა დავარწმუნოთ თანამოქალაქეები და ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რომ არსებობს ივანიშვილის პარტიის მიერ ქვეყნის ძარცვის გეგმაზე უკეთესი პოლიტიკური ალტერნატივა;
4. უახლოეს 30 დღეში ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას (რომელიც ივანიშვილის პარტიას 2011 წლის შემდეგაც კი არ განუახლებია) და საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო სამშვიდობო გეგმას. ეს არ იქნება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი გეგმები – მათ უკან იდგება “თავისუფლების მოედნის” სანდო და პატრიოტ პროფესიონალთა გუნდი.
5. უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად წარმოგიდგენთ “თავისუფლების მოედნის” წევრებსა და პროფესიონალებს, რომლებიც, ჩვენი რწმენით, სათავეში უნდა ჩაუდგნენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებს: თავდაცვასა და განათლებაში, ჯანდაცვასა და კულტურაში, საერთაშორისო დიპლომატიასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევაში, კულტურის პოლიტიკაში და სხვა უმნიშვნელოვანეს სფეროებში.
6. იმისათვის, რათა შევასრულოთ ჩვენს მიერ საზოგადოებასთან დადებული პირობები და გავაძლიეროთ ნდობა ჩვენს მიმართ, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად ლუსტრაციის კანონპროექტის მხარდასაჭერად. აუცილებელია, რომ მისი მიღება ვეღარავინ დააყენოს ეჭვის ქვეშ მომავალ პარლამენტში.
7. საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად, საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ქართველების დიასპორებსა და მეგობრებთან ერთად, დავაარსებთ “დემოკრატიის ეროვნულ ფონდს” და ვიწყებთ მისთვის ფინანსების მოძიების კამპანიას, რათა დავეხმაროთ პოლიტპატიმრებს, დემოკრატიულ მოძრაობებსა და სამოქალაქო აქტივისტებს.
8. “ოცნებაზე” საერთაშორის ზეწოლის გასაზრდელად და დემოკრატიული ბრძოლის გასაძლიერებლად, საჭიროდ მივიჩნევთ საერთო ძალისხმევის უკეთეს კოორდინაციას. ამ მიზნით, ჩვენს კოლეგებს სხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ისევე როგორც საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტებს, ჩვენს გამორჩეულ ყოფილ დიპლომატებსა და ყოფილ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მათი ღირსეული პოზიციის გამო გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ვთავაზობთ “საგარეო პოლიტიკის საბჭოს” შექმნას, რათა კოორდინირებულად და რესურსების ეფექტური განაწილებით ვიმუშაოთ საერთაშორისო არენაზე;
9. იმისათვის, რათა გავაძლიეროთ დემოკრატიის გადარჩენისათვის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დავაარსებთ მუდმივმოქმედ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში შექმნილი კრიზისის თაობაზე, სადაც უმაღლეს დონეზე, რეგულარულად იქნება საქართველოს საკითხები განხილული. ამისათვის, გამოვიყენებთ ჩვენს მიერ წლებით დაგროვილ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კონტაქტებს ევროპის ყველა დედაქალაქსა და შეერთებულ შტატებში.
10. გამჭვირვალობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დასანერგად და ამ პოლიტიკური პროცესისადმი ნდობის გასაძლიერებლად, დღეიდან და შემდეგი ორი თვის განმავლობაში, ყოველ სამშაბათს, საღამოს 1800 საათზე, თსუ პირველი კორპუსის წინ, გავმართავთ “თავისუფლების მოედნის” შეხვედრებს დემოკრატიულ წინააღმდეგობაში ჩართულ მოქალაქეებთან: გავაცნობთ მათ ჩვენს ხედვებსა და პოზიციებს, ჩავაბარებთ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, მოვისმენთ მათ რჩევებს და, საჭიროების შემთხვევაში, მოვისმენთ გარდაუვალ კრიტიკასაც”.




