მოძრაობა თავისუფლების მოედანი რამდენიმე ინიციატივას აჟღერებს და აცხადებს, რომ იწყებს მშვიდობიან წინააღმდეგობის მოძრაობას. სიმონ ჯანაშიას თქმით, ხვალ, 19:00 საათზე მზიურში შეიკრიბებიან, სადაც მოქალაქეებთან ერთად შემდეგ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.
ის ამბობს, რომ მიზანი არჩევნების გაყალბების გამოძიება და იმ პირთა იდენტიფიცირებაა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ გაყალბებაში.
“ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ამიტომ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, მშვიდობიანი, დემოკრატიული და იქნება კანონიერი, რა თქმა უნდა. ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან. ჩვენ ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, აუდიტორიებშიც, პარკებშიც, არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქსა და სოფელში.
ჩვენ შევეცდებით, გამოვიძიოთ გაყალბება, რაც მოხდა. ჩვენ იდენტიფიცირებას გავუწევთ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდა ამ გაყალბებაში, ჩვენ შევზღუდავთ ხელისუფლების წევრებს და მათ მოქმედებებს, საჯარო სივრცეში ჩავატარებთ ახალი ტიპის აქციებს. ეს არ იქნება მხოლოდ მასობრივი აქციები, არამედ იქნება აქციები, რომელიც დაანახებს ადამიანებს იმას, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე მათი რეაგირება.
ჩვენ ვიკრიბებით ხვალ, საღამოს 7 საათზე მზიურში და გვინდა, რომ ჩვენს ყველა მეგობარს, თანამოაზრეს და ყველა თავისუფალ მოქალაქეს ვუთხრათ, რომ შემოგვიერთდნენ მზიურში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შემდეგ ნაბიჯებზე”, – თქვა მან.
ამაზე ისაუბრა მოძრაობის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემაც და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულ ბრძოლაში ყველა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული მომავალი.
“ჩვენ ვთვლით, რომ შედეგები, რომელიც გამოაცხადა საარჩევნო კომისიამ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ამ არჩევნებზე გაიმარჯვა დემოკრატიულმა ოპოზიციამ და ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა მთავრობას, რომ მოგვპაროს ეს გამარჯვება. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას და ერთობლივად, კოორდინაციით მივყვებით ამ ბრძოლას ბოლომდე. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს ყველა მოქალაქემ, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი”, – თქვა ლევან ცუცქირიძემ.