თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 17-ში, რკინის ყველასათვის ნაცნობი კონსტრუქციის ნაცვლად, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა გეგმის მიხედვით, 2025 წელს დასრულდება.
მიმდინარე წლის აპრილში, მენაშენეთა ამხანაგობა „პუშკინის 17-მა“ დედაქალაქის ცენტრში რკინით შემოსაზღვრული ნაგებობის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო და პროექტის განხორციელების ვადებიც წარადგინა, რომელიც 24 თვეში შენობის დასრულებას გულისხმობს.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პროექტის მიხედვით ადგილზე კომერციული და საოფისე ფართების მოწყობა იგეგმება. პუშკინის 17-ში გათვალისწინებულია 22.09 მ. სიმაღლის, 7 სართულიანი შენობის მშენებლობა, აქედან: 1 მიწის დონის ქვედა სართულია, 6 სართული კი მიწის დონის ზედაა.
„ბოლო ათეული წლის წინ ხსენებულ ადგილზე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მალევე შეწყდა და ტერიტორიაზე დარჩა საკმაო მოცულობის რკინის კონსტრუქცია. წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება. ბოლო პერიოდში ამხანაგობის მცდელობით დაიწყო საპროექტო სამუშაოები, მერიაში შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტი, ხოლო უშუალოდ ამხანაგობას ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა არსებული ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი.
ჩვენი საპროექტო შენობის გადაწყვეტისას შემოთავაზებულია პუშკინის ქუჩის და დიუმას ქუჩების შემაერთებელი კორიდორის გაჩენა, რაც გათვალისწინებული იქნება ქვეითად მოსიარულეთა გამჭოლი გადაადგილებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტული კორიდორის გაჩენისთვის.
შენობის არქიტექტურული გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება არსებული ტერიტორიის ისტორიული ურბანული ქსოვილი, აშენებული შენობა ნაგებობების იერსახე. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ არეალს მაღალი, მასშტაბურ მოცულობებსა და დაბალ განაშენიანებას შორის. გამომდინარე აქედან ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა არქიტექტურული მასშტაბით და იერსახით ერთგვარი შემავსებელი მოცულობა, რომელიც არააგრესიულად ჩაეწერება ისტორიულ განაშენიანებაში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
პროექტს თან ახლავს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილმა მოამზადა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი გეგმარებითი და სარეკონსტრუქციო სახეცვლილების დროს, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იყოს არსებულ ქუჩათა განაშენიანების და ნაგებობების თავისებურებანი, რათა არ დაიკარგოს ამ ურბანული სტრუქტურის მხატვრულ-ისტორიული ღირებულება. ჭანიშვილის თქმით, სასურველია, ისეთი ნაგებობის აგება, რომელიც შეესაბამება უბნის ხასიათს და უმტკივნეულოდ ჩაეწერება უბნის ისტორიულ განაშენიანებაში.
რეესტრის მიხედვით, პუშკინის 17-ში მდებარე ნაკვეთის მესაკუთრეები თამილა და მარინე ბუზუკაშვილები, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ და მენაშენეთა ამხანაგობა „პუშკინი 17“-ი არიან.
