თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე დაკავებული და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინი ციხიდან წერილს აგზავნის და მის პატიმრობაში ცრუ მოწმე პოლიციელებთან ერთად შსს-ის თარჯიმანს, შორენა ტაბატაძეს ადანაშაულებს.
ის პარალელს ავლებს იმავე მუხლით დაკავებულულ სხვა დემონსტრანტებთან, რომლებიც გაამართლეს და ამბობს, რომ მათ შორის ერთდერთი განსხვავება სწორედ თარჯიმნის – შორენა ტაბატაძის არსებობაა.
“ნეტგაზეთი” სრულად გთავაზობთ ჩეჩინის წერილს, რომელიც 7 სექტემბრისთ თარიღდება.
“გამარჯობა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს ჩემი არც ისე მარტივი საქმის გაშუქებისთვის. 2025 წლის 2 სექტემბერს საშინელება მოხდა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა უდანაშაულო ადამიანს. როგორც იცით, 3 სექტემბერს გაამართლეს ნიკა კაცია, ქართველი აქტივისტი, რომელსაც, ჩემსა და სხვების მსგავსად, ნარკოტიკები ჩაუდეს. ერთადერთი დიდი განსხვავება გიორგი ახობაძის, თედო აბრამოვის, ნიკა კაციის საქმეებსა და რუსეთის მოქალაქეების – ჩემი, არტემ გრიბულის და ანასტასია ზინოვკინას საქმეებს შორის არის თარჯიმნის არსებობა. მას ჰქვია შორენა ტაბატაძე, სასამართლომ ის “ნეიტრალურ” მოწმედ მიიჩნია, იმის მიუხედავად, რომ ის 2025 წლის 7 ივლისის პროცესზე მობრაძანდა ამავე საქმის მოწმისა და პოლიციის თანამშრომლის ემილ კუპრავას თანხლებით. კითხვაზე: “რატომ მოხვედით ერთად?” უპასუხა: “მეზობლები ვართ და ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა არის”. დაკავების დღეს, 2024 წლის 3 დეკემბერს, ის და პოლიციის თანამშრომლები მემუქრებოდნენ, რომ “თუ ოქმს ხელს არ მოვაწერდი, ჩემთვისვე იქნებოდა უარესი, მემუქრებოდა საპატიმრო სასჯელი, შეიძლება, უვადოც კი და “რომ ნარკოტიკებს ვყიდი და ქართველებს ვწამლავ” და თითქოს პოლიციამ “ყველაფერი იცის”. გამოძიების მიმდინარეობის დროს, ვერანაირად დაამტკიცეს გასაღება და ბრალდების მხარემ უარი თქვა ამ ვერსიაზე. ფალსიფიცირებული მტკიცებულებების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. არსებობდა იმედი, რომ გამამართლებდნენ, როგორც სხვებს, თუმცა თავისუფლების გზაზე შორენა ტაბატაძის ცრუ ჩვენებები გადამეღობა. ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც. ეს განაჩენი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას უკან გაწვეული. ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას, რომ ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო. ციხეში მხოლოდ ტვ პირველის და ფორმულას ყურება შემიძლია, ბევრი არ მესმის. იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება და უკვე ამ წელს ციხიდან გამოვალ. გაუმარჯოს დამოუკიდებელ მედიას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”, – წერს ანტონ ჩეჩინი.
ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2 სექტემბერს მიუსაჯეს. გადაწყვეტლება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
პროკურატურა მას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იგივე მუხლი ჰქონდათ წარდგენილი პროევროპული აქციების მონაწილე სხვა სამ დემონსტრანტსაც – გიორგი ახობაძეს, თედო აბრამოვსა და ნიკა კაციას. ისინი გაამართლეს. იგივე მუხლით აქვთ წარდგენილი აქციების მონაწილე რუსეთის ორ მოქალაქეს – ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს. ისინი საბოლოო სიტყვას ხვალ, 12 სექტემბერს იტყვიან. სავარაუდოა, რომ მათი განაჩენი ხვალვე გამოცხადდება.
ანტონ ჩეჩინი საქართველოში რუსეთიდან, კერძოდ ციმბირიდან ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც მისი ქვეყანა უკრაინას დაესხა თავს. ის ომის საწინააღმდეგო არაერთ აქციაში მონაწილეობდა რუსეთში და დევნიდნენ, რის შემდეგაც მან სამშობლო დატოვა.
ანტონს ქართველი ცოლი ჰყავს. ისინი ერთად მონაწილეობდნენ თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებში. ამის გამო ანტონ ჩეჩინი ჯერ დააჯარიმეს, მაშინ საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიოდა. 2024 წლის 18 ნოემბერს დააკავეს და დაემუქრნენ, რომ აქციებისთვის თავი დაენებებინა.
მორიგ ჯერზე პოლიციის ყურადღება ანტონ ჩეჩინს ბევრად ძვირად უჯდება. „ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც რუსეთში ხდება“, — ასეთია ანტონის შეფასება ქართული ციხის საკნიდან.
2024 წლის 3 დეკემბერს, დილით ადრე, საცხოვრებელ სახლთან სამსახურისკენ მიმავალს მიაკითხეს. მისი ადვოკატის თქმით, ანტონს პოლიცია მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე დახვდა, მანქანაში ჩასვეს და სწორედ ამ დროს ჩაუდეს ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ მტკიცებულად წარმოადგინეს, როგორც „ტანთმოსილი“ ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული თეთრი, ფხვნილისებრი ნივთიერება. საქმეში არ არსებობს ანტონ ჩეჩინის გაჩერებისა და ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაკავებას და ჩხრეკას დაესწრებოდა, რაც კონსტიტუციური მოთხოვნაა. პოლიცია ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ანტონ ჩეჩინი წინააღმდეგობას უწევდა („ძიძგილაობდა“) და გადაღება ამიტომ ვერ მოახერხეს. ნეიტრალური მოწმის სახით თარჯიმანია წარმოდგენილი, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, „საეჭვო მოქმედებაა“.
