“შაბათი მარშის დღეა” – პროტესტის 402-ე დღე პროევროპული აქციის მონაწილეებმა ტრადიციული მარშით აღნიშნეს. ფილარმონიასთან შეკრებილი ადამიანები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გადაადგილდებიან. ეს არის პირველი შაბათის მარში 2026 წელს.
ახალი, გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმების მიუხედავად, მარში მონაწილეები გადაადგილდებიან როგორც ტროტუარზე, ასევე ავტომობილების სავალ ნაწილზეც.
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება – აქციის მონაწილეთა ძველ მოთხოვნებს, “ბიბისის” გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ დაემატა მოწოდება – საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ, იმის დასადგენად, თუ რა ქიმიური ნივთიერება შეურია წყლის ჭავლს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპული დემონსტრაციების დაშლისას.
2025 წლის 1 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის მიწურულს, საქართველოში, დემონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ – საუკუნის წინ შექმნილი ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება – Bromobenzyl cyanide (CA) – გამოიყენეს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ ჩაატარა გამოძიება და BBC-ის ინფორმაცია არ დადასტურდა.
საზოგადოების ერთ ნაწილს კვლავ მრავალი პასუხგაუცემელი შეკითხვა დარჩა.
სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ექიმების ნაწილმა თავიდანვე განაცხადეს, რომ, სანდოობის აუცილებლობის გამო, გამოძიება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში უნდა წარიმართოს.
“რეჟიმი გვწამლავს!” – საერთაშორისო გამოძიებას დემონსტრანტები დეკემბერში გამართულ არაერთ აქციებზეც ითხოვდნენ.
უწყვეტი აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] არ გადადგამს 2028 წლის ბოლომდე.
3-4 იანვარს თბილისში ყინვაა. 3 იანვარს 19:00 საათისთვის ჰაერის ტემპერატურა მინუს 1-2 გრადუსს უტოლდებოდა. თანდათან ტემპერატურა სულ უფრო დაეცემა – მინუს 4 -5 გრადუსამდე.
ფორუმი




