თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს (Duty Free), რომელიც ქვეყნის სასაზღვრო ზოლში არ მდებარეობს, საქმიანობის შესაძლებლობა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე უხანგრძლივდება.
მოქმედი კანონით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს, რომელიც სასაზღვრო ზოლში არ მდებარეობს, საქმიანობა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეუძლია.
პარლამენტმა ვადის გადაწევის ინიციატივა “საბაჟო კოდექსში“ ცვლილებების ფარგლებში დაამტკიცა.
“მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებდა. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ თბილისის პუნქტია მოქმედი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნულ პუნქტს შეუნარჩუნდეს შესაძლებლობა საქონლის რეალიზების განხორციელებაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებზე (ასევე, მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე), მიზანშეწონილია, აღნიშნული ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელება“, – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.




