თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ქმედებებზე – რატომაა ეს კანონი რუსული? რატომ და ამიტომ! – პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს ეხმაურება.
„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ის მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა. ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.
პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებები დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის, თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან, რომ „მაინც“ შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე „ორივე ქვეყნის სასარგებლოდ“ ტარდებოდა… (ნეტავ, აწი ამერიკას რა ეშველება!!!)
ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოესი მეგობრისგან ყურადსაღებია! მართალია, ეს პასუხია მმართველი პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ „არჩევანი თქვენია“ ევროპულ, დაცულ, მომავლის მქონე და რუსეთის იზოლირებულ ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) და ეს არამეგობრული ქცევა თავსებადი არ არის ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან, ან!
ეს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას: „რატომ არის ეს კანონი რუსული?“ რატომ და ამიტომ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.