საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იმყოფებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილეს, საჰაერო ძალების სარდალ გენერალ-ლეიტენანტ რამიზ ტაჰიროვსა და აგილ გურბანოვს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს.
„გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა.
ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტასაც” ეწვივნენ და მის პროდუქციასა და საწარმოო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.