იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის, მისი [ჯუანშერ ბურჭულაძის] ქმედებებიც იქნება შეფასებული გამოძიების პროცესში – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
„საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე და აღნიშნულში დახმარების ფაქტზე, სამ პირს წარუდგინა ბრალდება. ამ ეტაპზე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულში მონაწილეობდნენ, კერძოდ ეს მოხდა 2023 წელს, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ნათესავი ვასილ მხეიძე. მათ შექმნეს არაკონკურენტული გარემო და შესყიდულ იქნა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ეს არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და გაფლანგულ იქნა დაახლოებით 1 300 მლნ-ზე მეტი, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. დღეს სასამართლო პროცესზე ვინაიდან არსებობდა სხვადასხვა ინტენსივობით მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თითოეული ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე, რაც სასამართლომ სრულიად სამართლიანად დააკმაყოფილა.
სავალდებულო არ არის კონკრეტულ კორუფციულ საქმეზე ვიღაცა მოვიდეს და განაცხადოს კონკრეტული ფაქტის შესახებ. მოცემულ საქმეზე იყო შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის გაყალბებული დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას. იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა“,- განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
კითხვაზე გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ კითხვას ვერ უპასუხებს.
„ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის, მისი [ჯუანშერ ბურჭულაძის] ქმედებებიც იქნება შეფასებული გამოძიების პროცესში. ვინ გამოვკითხეთ, რა მიმართულებით მივდივართ, რა ვერსიებს ვამოწმებთ ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება, რის შედეგადაც, ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამივე ბრალდებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
