თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს 5 ადამიანი, რომელიც უერთდებოდა ევროინტეგრაციის შეჩერების საკითხზე უწყების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილე მაკა კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემს “დაუმორჩილებლობასთან” დაკავშირებით გამომიცხადეს ე.წ. “განაჩენი”. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი გამიუქმეს და უსამსახუროდ მტოვებენ. 2015 წლიდან უწყებაში რომელშიც ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მრავალი ფინანსური ხარჯითა და საინტერესო წამოწყებით სტრატკომის ინიციატივას ვაშენებდით, ბოლო რამდენიმე წელია პროფესიული იმპოტენციისა და სისტემური შლის მაგალითად იქცა. და როდესაც დავაფიქსირე, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია საქართველოს გარდაუვალი, ერთადერთი მომავალია – სამსახური დავკარგე. დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორად მოვიქეცი! შეუძლებელია ასე გაგრძელდეს ნგრევა”, – აცხადებს მაკა კევლიშვილი.
სამსახურიდან გაათავისუფლეს ანანო გორგოძეც:
“ამასობაში, თავდაცვის სამინისტრომ კოხტად ჩამაბარა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება. სამინისტროში 2017 წლიდან ვმუშაობ ამ მიმართულებით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მე და ჩემმა განყოფილებამ შევქმენით მთლიანი პრაქტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. კიდევ შორს წავალ და ეს პრაქტიკა სხვა სამინისტროებსაც მთელი გულუხვობით გავუზიარეთ. როგორც პეტიციის ხელმომწერი, ცოტა შეურაცხყოფილადაც ვიგრძნობდი თავს რომ დავეტოვებინე”, – აცხადებს გორგოძე.
სამსახურიდან ასევე გაათავისუფლეს. მიშა რამაზაშვილი და გუცა გვესელიანი, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში მუშაობდნენ. ასევე მარიამ ობოლაშვილი (სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი). გუცა გველესიანი თავდაცვის უწყებაში 1998 წლიდან მუშაობდა, მიშა რამაზაშვილი 1996 წლიდან.
“ქვეყნის მთავარი კანონის 78-ე მუხლის ერთგულება და შესაბამისი განცხადების ხელმოწერა, გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერ სხვას.
სამშობლოს ცნება მეტია ვიდრე ხელფასი, ვინც ამავე ემოციით მოხვედით ან ახლა მოღვაწეობთ ამ და სხვა საჯარო სამსახურის კედლებში, დამეთანხმებით”, – წერს მიშა რამაზაშვილი.
გასული წლის ნოემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, არაერთი უწყების თანამშრომლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადებები და მხარი დაუჭირეს ევროპულს კურსს. მათ შორის იყვნენ თავდაცვის უწყების თანამშრომლებიც. მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” მიიღო არაერთი რეპრესიული კანონი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მკვეთრად გააუარესა საჯარო უწყებებში მომუშავეთა უფლებები და არაერთი ისეთი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ვინც ხელს აწერდა აღნიშნულ წერილებს.
რა ეწერა თავდაცვის უწყების თანამშრომლების განცხადებაში.
ჩვენი როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ – თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით. სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით. ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა. ვემსახურებით საქართველოს!
