მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც სჯერა, რომ ნატო გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში, თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს.
„დოკუმენტი, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, თავისი ფორმატითა და შინაარსით განსხვავებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულა. დოკუმენტში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს ჩანაწერი, შეიძლება ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ ნატო აღნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს და შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია. ასევე, კონტექსტი, რომ ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთი როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფო, ძალისხმევას აქვს მნიშვნელობა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის ყველას ერთად ბევრი მსხვერპლი გვაქვს გაღებული. მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც სჯერა, რომ ნატო გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.
“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.