23 სექტემბერს, ლიეტუვას მთავრობამ თავდაცვის ინდუსტრიის ამერიკულ გიგანტ „ნორთროპ გრუმანთან“ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მემორანდუმი გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს და ფოკუსირებული იქნება საშუალო კალიბრის საბრძოლო მასალის შექმნაზე, წარმოებასა და მიწოდებაზე.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა, ლაურინას კაშჩიუნასმა, ფინანსთა მინისტრმა, გინტარე სკაისტემ და „ნორთროპ გრუმანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, სტივენ ო’ბრაიანმა.
„ეს პარტნიორობა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლიეტუვას თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების გზაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“, – აცხადებდა პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე მემურანდუმის ხელმოწერამდე.
კაშჩიუნასის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება ყველა დეტალის შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება და ლიეტუვაში საბრძოლო მასალის წარმოების დაწყება 18 თვის განმავლობაში.
„გასაკვირია, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხეთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.
სექტემბრის შუა რიცხვებში, კაშჩიუნასმა სააგენტო „ბი ენ ეს“-ს განუცხადა, რომ ამერიკულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მრავალფუნქციური საწარმოო ხაზის მონტაჟის საკითხზე, რომელიც, ძირითადად, 30 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოებას ითვალისწინებს.
მინისტრის თქმით, ქარხანა საბრძოლო მასალას გამოუშვებს როგორც ლიეტუვას სამხედრო საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების მოხმარებისთვის.
„საუბარია 30 მმ-იან საბრძოლო მასალაზე, რომელიც ჩვენს არსენალში არსებულ ქვეითთა საბრძოლო მანქანების სტანდარტებს შეესაბამება, მითუმეტეს, მომავალში ასეთი საბრძოლო ტექნიკის პარკის გაფართოებას ვაპირებთ“, – განუცხადა კაშჩიუნასმა ლიეტუვას ეროვნულ რადიომაუწყებელს (LRT RADIO).
„რა თქმა უნდა, წარმოება ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ლიეტუვაზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლს საბრძოლო მასალის წარმოების ინდუსტრიაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მიწოდების ჯაჭვის რგოლებზე ჩვენი დამოკიდებულება შევამციროთ“, – დასძინა მან.
წყარო: 1 არხი