თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ!” – გიორგი კვირიკაშვილი

“თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ!” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომლითაც ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
კვირიკაშვილის აზრით, თავდამსხმელის დაუსჯელობა ნიშნავს ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება.
გუშინდელ აქციაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ჩართვისას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, წაართვეს ტექნიკა. ჟურნალისტიც და ოპერატორიც ტვინის შერყევით კლინიკაშია მოთავსებული. მალევე “ტვ პირველის” დირექტორმა, ვატო წერეთელმა $25 000 დააწესა ჯილდო მათთვის, ვინც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მიაწვდიდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს რომ ამას აკეთებს ნიღბიანი დაჯგუფება, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ. საზოგადოების ნაწილი ამ სისასტიკეს “ქართული ოცნების” ე.წ. ტიტუშკებს მიაწერს, თუმცა, თავად “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ მედიაზე თავდამსხმელებს არანაირი კავშირი მათთან არ აქვთ.
უფრო მეტიც, ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის მმართველი ძალა აანონსებს კანონის მიღებას, რომლითაც შეკრების ადგილებზე შენიღბულ ყოფნას აიკრძალება.
დღეს 15:00 საათზე მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მედიაზე ძალადობა დაგმეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში გორში, კახეთში. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად დაალაგეს აპარატურა, რომლითაც სამუშაოს ასრულებენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი.