ზღვისუბანში საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა.
დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
„რეკრეაციული პროექტები ჩვენი ქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის შესახებ. ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 40 მილიონი ლარია. გულწრფელად გეტყვით, როდესაც პირველად აღნიშნული სივრცის სანახავად მივედით, დაგვხვდა უმძიმესი მდგომარეობა, იყო ჭაობი, ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი. პირველ რიგში, რაც გაკეთდა, იყო 250 000 კუბამდე დაჭაობებული მიწის მოჭრა და გატანა, აღნიშნული არეალი კი ნოყიერი მიწით შეივსო. დღეს უკვე ტერიტორია გვაქვს მოწესრიგებული, განათებული, ყოველგვარი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, გამწვანებული რეკრეაციული სივრცე, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სკეიტ პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები.
„გარდა ამისა, მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ არსებულ სხვადასხვა მიკრორაიონს ერთმანეთთან აკავშირებს. პარკის ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად, რომელსაც საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და დაირგო 75 000 სხვადასხვა სახეობის ნერგი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნის ღონისძიება 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე იგეგმება, საღამოს მუსიკალურად ჯგუფი „მგზავრები“ გააფორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ