ზღვაში ხრეშის შესატანად წელს 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაცხადა. ზღვის სანაპიროზე შესატანად ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ.
ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ს სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია.
გასულ წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, მიმდინარე წელს კი 110 ათასი კუბური მეტრის შეტანაა დაგეგმილი. შესაბამისად, შარშან ზღვის ხელოვნური კვებისთვის ბიუჯეტიდან 5 417 196 ლარი დაიხარჯა, წელს კი, ტენდერი 1 715 827 ლარით არის გამოცხადებული.
შესაბამისი კვლევებით დადგენილია, რომ ახალ ბულვართან დღეისათვის არსებული ვითარების [პლაჟის] შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველწლიურად 110-125 ათასი კუბური მეტრი ხრეშის ხელოვნურად შეტანა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 26 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება. ხრეშის შეტანა 2 ადგილზეა დაგეგმილი – აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალ ბულვარში დანგრეული პირსის მიმდებარედ.
ხრეშის შეტანა დაწყებიდან 61 დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია, სამუშაოები მხოლოდ შემსყიდველისგან წერილობითი დავალების მიღების შემდეგ დაიწყოს და მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში შეასრულოს.
ამასთან, „მიმწოდებელს არ აქვს უფლება თავდაპირველი სამუშაოები, ასევე ქვიშა-ხრეშის საბადოზე სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემამდე.“
ტენდერის გამოცხადებამდე, 2024 წლის მაისში, აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის განცხადებით მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს. დაიწყო შესაბამისი პროცედურა იმის დასადგენად, საჭირო იყო თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება დაგეგმილი საქმიანობიდან გამომდინარე.
2024 წლის ივნისში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა შეწყვიტა, ვინაიდან სამუშაოები ჩაითვალა არა ახალი ნაგებობის [რეცხვადი ბერმის] მოწყობად, არამედ ძველი ბერმის რეკონსტრუქციად, რაც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შესაბამისი კანონმდებლობით არ საჭიროებს სკრინინგის დასკვნას.
„2022-2023 წლებში განხორციელდა ბათუმის სანაპირო ზოლის აღდგენა – კვება ე.წ. რეცხვადი ბერმების მეშვეობით. ინერტული მასალის შემოტანა ხორციელდებოდა აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. [ამჯერად] ბათუმის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება, ხდება იმავე პრინციპით და იგივე ადგილებიდან, სადაც წინა წლებში ხორციელდებოდა სანაპირო ზოლზე ინერტული მასალის შემოტანა.
მიუხედავად იმისა, რომ რეცხვადი ბერმა დროებითი ნაგებობაა და შტორმული ზემოქმედების შედეგად ხდება მისი ტანის დაშლა და სანაპირო ზოლზე გადანაწილება, მიმდინარე პროექტი გულისხმობს ამ არსებული ბერმის ტანის რეკონსტრუქციას და მის საპროექტო მოცულობამდე შევსებას, რათა კვლავ მოხდეს რეცხვადი ბერმით სანაპირო ზოლის კვება,“ – აღნიშნულია დოკუმენტებში.
ვინაიდან ტენდერში წინადადებების მიღება ივლისის ბოლოს დასრულდება, დიდი ალბათობით სამუშაოები სანაპირო ზოლში [აეროპორტის ასაფრენ ზოლთან და ახალ ბულვარში] სულ ცოტა სექტემბრამდე არ დაიწყება.
მიმდინარე ზღვის სეზონისთვის ახალ ბულვარში ნაპირგამაგრების სამუშაოებიც დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს სამუშაოები დღესაც გრძელდება.
პროექტი, რომელშიც ცალკე ტენდერის ფარგლებში 15,6 მილიონი ლარი იხარჯება და რომელსაც ბათუმის მერიის სამმართველო ახორციელებს, 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ეს ვადა ჯერ 2024 წლის მარტამდე, შემდეგ ივნისამდე, მოგვიანებით კი 2024 წლის 2 ივლისამდე, გადაწიეს. სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს.
„ბათუმელები“ ამჯერადაც დაუკავშირდა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, თუ როდის უნდა დასრულდეს სამუშაოები ახალ ბულვარში, თუმცა სამმართველოდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. სამუშაოების დასრულების ვადის იდევ ერთხელ გადაწევის შესახებ რაიმე დოკუმენტი კი შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის არ იძებნება.
ამავე პორტალის მიხედვით, კომპანია „გზისთვის“ მერიის ბიუჯეტიდან სახელშეკრულებო თანხის [15 658 999 ლარის] 99 პროცენტი ანუ 15 530 613 ლარი უკვე გადარიცხულია.
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა.
წყარო: ბათუმელები

ასევე დაგაინტერესებთ