სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დაპატიმრებული გიორგი ბაჩიაშვილი, – რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტია“, – „ზღაპრებს ჰყვება“. ოხანაშვილი ამბობს, რომ მზადაა, უპასუხოს გამოძიების კითხვებს.
„ამ პირთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა, მათ შორის, მართლია, ზღაპრებთან, მაგრამ მის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც, საგამოძიებო პროცესი წარიმართება პროკურატურაში“, – განაცხადა ოხანაშვილმა 24 ივნისს პარლამენტში ჟურნალისტებთან.
„მე მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვაზე, მათ შორის, პროკურატურას თუ ექნება შეკითხვები, მივიდე და გავცე პასუხი“, – განაცხადა მან.
„ეს ადამიანი, დაგიდასტურეთ, რომ დავაკავეთ. სადაც დავაკავეთ, ეს ინფორმაცია განთავსებულია, ჩვენ ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ. შესაბამისად, მის სხვა ნებისმიერ ზღაპრებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას. მიუხედავად ზღაპრებისა, გამოძიება დაწყებულია, რადგან ამის ვალდებულება იყო“, – თქვა ოხანაშვილმა.
„ბევრ ზღაპარს მოისმენთ კიდევ, დაელოდეთ“, – დასძინა მან.
სუს-ის ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავებმა 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.
ბაჩიაშვილის ნაამბობი კი განსხვავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიისაგან: „შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში. ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“, – აცხადებს ის.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ (the Guardian) ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრები ამბობენ, რომ ის იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში და ერთ-ერთ სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატს უნდა შეხვედროდა, რა დროსაც დააკავეს.
„ყველას ძალიან გთხოვთ, არ უარყოთ ეს ვერსია, თუ შეიძლება, ეს სუსის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს“, – 9 ივნისს ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამს, რომ სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილი იყო იმ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში იძულებით დააბრუნეს.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ქართულ საგამოძიებო სამსახურებს არც კი გამოუკითხავთ საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე, რომელსაც იგი მოტაცებას უწოდებს.
ამის შესახებ მან განაცხადა 20 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია მის მიერ საქართველოს „საზღვრის უკანონოდ კვეთის“ საქმეს განიხილავდა.
„ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია“, – ასე შეაფასა ბაჩიაშვილმა საზღვარგარეთ დაპატიმრება.
ფორუმი