თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ “ძალიან ზუსტი დროა” უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის, არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაზრდილი აქტიურობის, არამედ კონგრესში არსებული ვითარების გამო.
“ეს შანსია პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტ ზელენსკისგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ გაიგოს, ასევე შანსია ნათელი გავხადოთ პრეზიდენტ ზელენსკისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომ მათი მხარდაჭერის გაგრძელებას ვაპირებთ, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, რადგან ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დრონებითა და რაკეტებით გაზრდილ თავდასხმებს ვხედავთ,” – აცხადებს კირბი.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს თქვა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენ პუტინს შთააგონებს.
ცნობისთვის, კონგრესი ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.
იხილეთ ასევე:
· ზელენსკი აშშ-ის კონგრესში მივიდა