“ზუსტად 102 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჩეკამ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრები”

,,რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ზუსტად 102 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჩეკამ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრები.
ისინი იყვნენ იატაკქვეშეთში მოქმედი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრები, რომლებიც საქართველოს გათავისუფლების გეგმაზე მუშაობდნენ, მათ შორის იგეგმებოდა საერთო სახალხო აჯანყების მოწყობა.
უკვე დიდობაში აღმოვაჩინე, რომ ვაკეში დახვრეტილთა შორის ერთ-ერთი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი სულ მთლად ჩვენი მეზობელი ყოფილა დედაჩემის სოფელში (სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანი).
ბავშვობაში ვიცოდი, რომ ადრე მეზობლად ანდრონიკაშვილები ცხოვრობდნენ, მაგრამ იმ ოჯახის წევრი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რომ შეეწირა, ამის ხსოვნა ან წაშლილი იყო ან ვინც იცოდა, ალბათ ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავდა.
ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრეტილ მამულიშვილთა სრული სია კი ასეთია:
1. გენერალი ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი
2. გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე
3. პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი
4. პოლკოვნიკი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი
5. გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი
6. უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ მიხეილის ძე ზანდუკელი
7. როტმისტერი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი
8. როტმისტერი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი
9. იასონ მათეს ძე კერესელიძე
10. ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე
11. სიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი
12. პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი
13. პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი
14. ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი
15. დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი
მადლობა მათ თავდადებისთვის!
დიდება გმირებს! 🇬🇪🇬🇪🇬🇪