“ზუსტად ასე დასრულდება ამერიკასთანაც” – რას წერს ზურაბ გურული

ცივილიზაციამ გუშინ კარი მიუკეტა “ოცნებას”. ასე დასრულდა მათი ოცნება ევროპასთან “გადატვირთვის” შესაძლებლობაზე. ზუსტად ასე დასრულდება ამერიკასთანაც. ამოიწურა ცივილიზაციასთან დაბრუნების რესურსი. მხოლოდ ანტი-ცივილიზაცია დარჩა არჩევნად. აბსოლუტურად ლოგიკურია. ცივილიზაციასთან არაფერი ესაქმება ბანდას, რომელმაც უდანაშაულო ექიმი ჩასვა ციხეში და მომაკვდავი დედის მოვლის საშუალება არ მისცა. ალბათ არც იმ სახელმწიფოს არ ესაქმება, რომლის ექიმებიც ერთიანად არ დადგნენ ფეხზე საპროტესტოდ თავიანთი კოლეგის დასაცავად. ცივილიზაციასთან არაფერი ესაქმება ბანდას, რომელმაც ციხეში ჩასვა, აწამა და შეურაცხყო ქალი, ბანდის მსახურისათვის სილის გაწვნის გამო. ქალი, რომელმაც ვერ გადახარშა ამხელა შეურაცხყოფა და მზად არის საკუთარი სიცოცხლის ფასად დაანახოს ცივილიზაციას, თუ რა კატეგორიის ფსკერის ბინადართა ხელშია ქვეყანა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად სურდა ცივილიზაციის წევრობა; ისე სურდა, რომ კონსტიტუციაში ეწერა ეს სურვილი. ეს ორი ადამიანი იმ პროტესტის არსია, რომლის მეშვეობითაც ეროვნულ სინდისსა და გონებას ინარჩუნებს ქვეყანა. ამ უძალო სინდისისა და გონების გამო არ ტოვებს ცივილიზაცია საქართველოს ანტი-ცივილიზაციის ბუნაგის მსხვერპლად. ეს სინდისი და გონებაა იმის გარანტია, რომ ფსკერის ბინადართ მომავალი არ გააჩნიათ არც ცივილიზაციის და არც ანტი-ცივილიზაციის წიაღში; ორივეგან “შეიჭმებიან” საბოლოოდ. დიდი მადლობა გიორგი! დიდი მადლობა, ქალბატონო მზია! ბოდიში რომ ვერ დაგიცავით და ვერ გიცავთ.