ზურიკოს გოლით – კაცნაკლულმა “ბორდომ” ერთ-ერთ ლიდერს სძლია [VIDEO]

ლიგა 2-ის 22-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „ანჟე“ 1:0 დაამარცხა, რომელიც “ოსერთან” ერთად ლიდერია.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკი დავითაშვილი მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ისევ სასტარტოში დააყენა, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აქტიურობდა და დაცვასაც ეხმარებოდა. მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, თამაში კი თანაბარი იყო, შეიძლება ითქვას, მცირედ უპირატესობას ბორდოელები ფლობდნენ. შეხვედრაში პირველი ყველაზე სახიფათო მომენტი მასპინძლებმა პირველ ტაიმში შექმნეს, როდესაც დავითაშვილის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. შესვენების შემდეგ საჯარიმოდან პედრო დიასის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში კი ქართველმა ჟერემი
ლივოლანის განივ გადაცემაზე მცველს დაასწრო და თავისი გუნდი დააწინაურა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე გოლი გაიტანა (აგრეთვე სამი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული). მერე ჟირონდელთა მცველი ჟან მარსელენი მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ზურიკო 89-ე წუთზე შეცვალეს, ბოლოს მისმა გუნდმა მოწინააღმდეგის იერიშები მოიგერია და გაიმარჯვა.
„ბორდომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 28 ქულით მეცამეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას უკვე 8 ქულით დაშორდა და 3 თებერვალს გასვლაზე „ტრუას“ დაუპირისპირდება.
ბორდო – ანჟე 1:0
გოლი: დავითაშვილი (70)
გაძევება: მარსელენი (72, ბორდო)