თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის – ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მისი ადვოკატების გარეშე გრძელდება. ადვოკატებმა სხდომა დატოვეს.
დღეს, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე – მას ედავებიან სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული, რაც არ გადაიხადა. სწორედ ამიტომ, მოლოდინი აქვს, რომ დღევანდელ სხდომაზე მისი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლება.
„დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა კიდევ ერთხელ არ დაგვიკმაყოფილეს. გვერდით თავისუფალი დარბაზია. ამ დარბაზში უბრალოდ ჰაერი არ არის, შეიძლებელია მუშაობა 3,5-საათიანი სხდომის შემდეგ… ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს არის ადამიანის მძევლად აყვანის პროცესი“, – თქვა ნიკა გავრამიამ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომელიც ზურა ჯაფარიძის ადვოკატიცაა.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამკაცრებული ზომებია შემოღებული – მედიასაშუალებებს არ მისცეს შენობაში კამერების შეტანის უფლება. გარდა ამის, პოლიციაა მობილიზებული სასამართლოს შენობასა და ეზოში.
იმის მიუხედავად, რომ ზურა ჯაფარიძის სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა მსურვლი ათობით ადამიანი იყო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისეთი დარბაზი შეარჩია, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი ეტევა. მოსამართელმ სხდომის დიდ დარბაზში ჩატარების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მასალა განახლდება
