კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელშიც რამდენიმე საკითხზე საუბრობს. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ წერილში “მარტო იმას წერს, რაც გარეთაც სწორი ეგონა და ახლაც 100%-ით დარწმუნებულია, რომ სწორია”.
“1. რუსთაველის პროტესტი
პირველი ამას ვწერ იმიტომ, რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია დღეს. ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება საჯარო გამოხატვის ფორმები იმისა, რომ არ დავნებდით და ვიბრძვით. არსად სხვაგან ეს არ ჩანს, ისე, როგორც საღამოობით რუსთაველზე.
პოლიტიკოსის ჩატარებული ბრიფინგი, ან თუნდაც დაჭერილი პოლიტიკოსი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ვიღაც “პოლიტიკოსი” იბრძვის.
რუსთაველი აჩვენებს, რომ ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, თუნდაც პოლიტიკოსების გარეშე.
ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგოს წერს, ყველა, ვისაც ეს არ ესმის, რუსთაველზე არ ყოფილა დიდი ხანია.
ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, როგორც უნდა ისე იბრძოლოს, სხვანაირად დაორგანიზდეს, მაგრამ რუსთაველი უნდა შენარჩუნდეს როგორც გამოხატულება იმისა, რომ მიუხედავად მოწყობილი ჯოჯოხეთისა, არ გავტყდით და ვაგრძელებთ ბრძოლას.
2. სალომე ზურაბიშვილი
ტყუილად არ ვწერ მეორედ ამ პუნქტს, ამდენად მნიშვნელოვანი მგონია.
ცოტა ვინმე ყოფილა უფრო კრიტიკული სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ვიდრე მე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ:
ა) ჩვენ გვჭირდება რაიმე ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი. გარეთ სამუშაოდ გვჭირდება. ასეთი მხოლოდ ერთი გვაქვს ამ წუთას.
keep institutions alive – არის ფრაზა, რომელიც ხშირად მომისმენია ჩვენი მეგობრებისგან. სალომე ვერ იქნება ისეთი ქარიზმატული, რომ მასები დაძრას, ვერც საუკეთესო მოდებატე გახდება ქართულად და ვერც ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს მოჰყვება სხაპა-სხუპით. ასეთი არც არავინაა, მაგრამ მას შეუძლია დასავლეთს ელაპარაკოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმაციის მქონე პირმა და ელაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე. ესაა მისი როლი და ნუ მოსთხოვთ დიმიტრი გელოვანობას. ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი აქვს.
ბ) მე არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება.
მე მჯერა, რომ ჩვენ ახლა რუსეთს ვებრძვით.
ბომბები არ ცვივა, მაგრამ ბევრი ტყუილი ცვივა და თუ არ დაიჯერებ და წინააღმდეგობას გაუწევ, მინივენში გაწამებენ ნიღბიანი ტროგლოდიტები.
ამის დამარცხება შეიძლება მხოლოდ ძალით. ძალა ერთობაშია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ.
თუ სადმე არსებობს ძალების გაერთიანების პოტენციალი, ეს ისევ სალომე ზურაბიშვილის “წინააღმდეგობის პლატფორმაა”.
ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ვისაც როგორ წარმოუდგენია ისე იბრძოლოს, ამ რეალობაში, ყველაფერი მოსულა, ჩემი აზრით.
მაგრამ პოლიტიკურმა პროცესმა და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა საბოლოო ჯამში თავი უნდა მოიყაროს ერთ ადგილას, და სხვა უკეთესი ადგილი, ვიდრე “წინააღმდეგობის პლატფორმაა” ვერ შევქმენით ამ წუთის მდგომარეობით.
გ) თავს ვერ დავდებ, რომ ადამიანებში საოცრად ვერკვევი და ჩემი პოლიტიკური ცხოვრება უფრო ალბათ საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ურთიერთობის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ ის ვერ იტანს რუსეთს. დარწმუნდა, რომ ქოცები რუსები არიან. ძალიან გაბრაზებბულია, რომ რუსეთს მისცა საშუალება ის გამოეყენებინათ მანამ, სანამ ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენდნენ.
ეს ბრაზი მგონია, რომ გამოსაყენებელია. გარეთ ალბათ ამ მესამე პუნქტს არ დავწერდი საჯაროდ, მაგრამ აქედან მოსულა მგონი.
3. სასამართლო
სასამართლო დღეს არის ადგილი, სადაც ბოროტებას შეგიძლია ჩახედო თვალებში. აქ იყრის თავს რეჟიმის ტყუილები და აქ აღსრულდება ყველაზე დიდი ბოროტება – უდანაშაულო ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს.
სიცოცხლის დაკარგვა მხოლოდ სიკვდილი არაა.
ნებისმიერი ჯარიმა, რომელშიც ათასებს ახდევინებენ ადამიანებს – დაკარგული სიცოცხლეა, რადგან იმ ფულის გამოსამუშავებლად ვიღაცებმა საკუთარი სიცოცხლის დრო დახარჯეს.
ნებისმიერი წუთი, დღე, კვირა, თვე, წელი თავისუფლების გარეშე – დაკარგული სიცოცხლეა, ან სიცოცხლის ნაწილი მაინც.
ეს ხდება დღეს, ყოველდღე სასამართლოში – ტყუილების გამო ადამიანებს აკარგინებენ სიცოცხლეს.
მე არ მჯერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს საზოგადოება, რომელიც არ აფასებს ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს ამ ბრძოლაში.
ამიტომ მგონია პოლიტიკური ტყვეების სასამართლოებზე სიარული მნიშვნელოვანი.
4. ყოველკვირეული მარშები
ვიქენდზე მარშები გახდა წინააღმდეგობის საჯარო დემონსტრირების მეორე რეგულარული ფორმა, რუსთაველის ყოველდღიური პროტესტის შემდეგ. აქ მთავარი სიტყვა “რეგულარულია”. თუ მოხერხდა ამ მარშების შენარჩუნება და ყოველ ვიქენდზე ორგანიზება, იქნება ძალიან კარგი. მაგრამ 2 პრობლემას ვხედავდი, სანამ გარეთ ვიყავი:
ა) ეს მარშები არ პიარდებოდა წესიერად, არც TV-ებში და არც სოც.ქსელებში. არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ისევ სტანდარტული “გრუზინული” ეჭვიანობა, კონკურენცია, უნდობლობა და ა.შ. ყ*%@ბა მოკლედ.
ბ) ჩემპიონები ვართ ერთმანეთის ენთუზიაზმში ჩა%მაში. საკმარისია, ვინმემ რამე ინიციატივა გამოიჩინოს და ეგრევე იწყება: რატომ მარში? რატომ იქიდან აქეთ და არა აქედან იქეთ? რატომ შუადღისას? რატომ კვირას? მე რატომ არ მითხრეს, რომ გეგმავდნენ? რატომ არ შეიძლება ჩემი გრიზლი წამოვიყვანო? არ იკბინება…
ლენონივით კი გამომივა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ნაცვლად ყველაფერში ჩაჯმისა, ყველა ყველას ყველაფერში ვეხმარებოდეთ, რითიც შეგვიძლია, მათ შორის, მარშზე მისვლითაც. ეგრე უფრო მალე მოვიგებთ, თუ ასე?
5. პოლიტიკოსები
დაჭერამდე სადღაც სტატუსი დავწერე, სადაც ვამბობდი, რომ პოლიტიკოსებიც ჩვეულებრივი ადამიანეი არიან თავიანთი პრობლემებით და პასუხისმგებლობებით. ვიღაცამ დამიკომენტარა არაო, პოლიტიკოსებს პრივილეგიები გაქვთ და მეტი მოგეთხოვებათო.
მერე ვფიქრობდი, რა პრივილეგიები მაქვს ან მქონიათქო და ვერაფერი გავიხსენე, გარდა იარაღის ტარების უფლებისა (რომელიც ორჯერ შემიჩერეს 3-3 წლით)
ეს ტრენინგებზე ნასწავლი წარმოდგენები პოლიტიკოსებზე პრობლემა მგონია. სადღაც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ფორმულა ალბათ სწორი იქნებოდა: პრივილეგიები = მეტი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ, ამ მოცემულობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რა პრივილეგიებზეა ლაპარაკი?
ყველა პოლიტიკოსი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ვისაც აშინებენ, ემუქრებიან, აჯარიმებენ, ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, კვერცხებს ესვრიან, “ზელიონკას” ასხამენ, იჭერენ და ა.შ ეს არის დღეს ნებისმიერის გარდაუვალი ხვედრი, ვინც რეჟიმს წინააღმდეგობას უწევს.
სადაა აქ პრივილეგია? რომელ ავტორიტარულ რეჟიმში არსებობს პრივილეგიები ოპოზიციური პოლიტიკოსებისათვის?
მოგწონთ პოლიტიკოსები თუ არ მოგწონთ, ამ ბრძოლაში წინა ხაზი მაინც მათზე გადის. ეგ ხაზი თუ ჩამოიშალა, უკანა ხაზების გადათელვა რეჟიმისთვის გაცილებით იოლი იქნება. აი, ჩუმად ვინც არიან და ჰგონიათ, რომ ასე გადარჩებიან, შემდეგი ეგენი იქნებიან გარანტირებულად. ჟანრის კანონია”, – ვკითხულობთ წერილში.
