პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ციხეში “წულუკიანის კომისიაზე” არგამოცხადების გამო ჩასვეს, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:
10 წელი
წელს ვხდები 50 წლის და არც ერთი მშობელი ცოცხალი აღარ მყავს.დედაჩემს რომ 10 წლით მეტი ეცხოვრა, შეიძლება მოსწრებოდა 1, 2, 3, ან ოთხივე შვილიშვილის ქორწილს, ერთი ან რამდენიმე შვლთაშვილის დაბადებას, ალაპარაკებას, სიარულის დასწრებას, მათ სიცილს, ტირილს, მათთვის შოკოლადის ჩუქებას, შეიძლება მათ გასეირნებასაც…მამაჩემიც ეგრე, 10 წლით მეტი რომ ეცხოვრა, შეიძლება ისიც მოსწრებოდა აქედან ბევრ რამეს, მათ შორის, მისი ბოლო შვილიშვილის სკოლაში წასვლას, რაც ერთადერთი სურვილი იყო, რომელიც ბოლოს შერჩა ავადმყოფობისგან გატანჯულს და დაღლილს…მე რომ 10 წლით მეტი ვიცხოვრო, ვიდრე “მიწერია”, 3652-3 დღით მეტს გავატარებ ნატასთან და შვილებთან, ძმასთან, მეგობრებთან ერთად, ვნახავ როგორი ადამიანები იქნებიან ჩემი შვილები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, გაცილებით მეტი შანსი მექნება ვნახო შვილიშვილები, მათი დაბადება, კბილების ამოსვლა, თამაში…ჩემს მშობლებს რომ 10 წლით მეტი ეცხოვრათ, ჩემი შვილების გონებასა და მეხსიერებაში გაცილებით მეტი ამბავი და ხატება დარჩებოდა მათ შესახებ.ჩემი შვილები თუ 10 წლით მეტს იცხოვრებენ, არც კი ვიცი, რას ნახავენ, როგორ სამყაროს იხილავენ და რაებს მოესწრებიან გარდა იმისა, რაც ზემოთ დავწერე, გარდა “სტანდარტული” სიხარულებისა და ტკივილებისა.ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება სამყარო მომავალში. მაგრამ ვიცით, რომ ამ სამყაროში ვართ ერთხელ. ოდესღაც მოვდივართ და ოდესღაც აუცილებლად მივდივართ. ყველანი რაღაც დიდი ზღაპრის გმირები ვართ და არ არსებობს ამ ზღაპარზე უფრო საინტერესო, უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი.10 წლით მეტ ხანს ვიქნებით თუ არა ამ ზღაპარში, არ არის უმნიშვნელო ამბავი. იქნებიან თუ არა 10 წლით მეტ ხანს ჩვენი შვილები ამ ზღაპარში – მითუმეტეს.მთავარი განსხვავება იმ სამყაროს – რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და იმ სამყაროს – რომელსაც დასავლეთს ვეძახით (ან ცივილიზებულ სამყაროს, ან დემოკრატიულ სამყაროს) შორის არის ის, რომ იქ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით მეტია (დაახლოებით) ჩვენთან შედარებით. იქ ეს ზღაპარი, რომელსაც სიცოცხლეს ვეძახით, 10 წლით უფრო დიდხანს გრძელდება.ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე, კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი ინფრასტრუქტურა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა – ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში, იწრიტება და დადის ამ ერთ ამბამდე – რამდენი ხანი მონაწილეობ ამ ზღაპარში?დასავლეთში გენეტიკურად ჩვენზე ჯანმრთელები არ იბადებიან. არც ბუნებრივი პირობები აქვთ ჩვენზე უკეთესი (ყველანაირი აქვთ). ისინი 10 წლით მეტ ხანს არიან ამ ზღაპარში მხოლოდ იმის გამო, რომ ცდებითა და ბევრი შეცდომებით მიაგნეს ადამიანების თანაცხოვრების ისეთ წესრიგს, რომელმაც მოუტანა მათ ე.წ კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი კვება და ა.შ, საბოლოო ჯამში, “კარგი” და ხანგრძლივი ცხოვრება.ისინი გვეუბნებიან, რომ თუ გვინდა ჩვენც იგივე: ეს არის ჩვენს მიერ მიგნებული წესები. შეიძლება ყველაფერს არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური წესი, რომელთა გარეშეც, ჩვენი გამოცდილებით, არ გამოგივათ.ევროინტეგრაციაზე უარის თქმა არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური და ისტორიული არჩევანის უარყოფა ან ქვეყნის უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.დასავლურ წესრიგზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ჩვენ ვკლავთ ჩვენი შვილების შანსს – 10 წლით მეტ ხანს იყვნენ იმ სასწაულის ნაწილი, რომელსაც სიცოცხლეს ვეძახით.
26.08