ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – სასამართლომ შეაფასა, თუ რა სასჯელი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო ობიექტური სასჯელი, სამართლიანი და რელევანტური, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება

სასამართლომ შეაფასა, თუ რა სასჯელი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია რომ ეს იყო ობიექტური სასჯელი, სამართლიანი და რელევანტური, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება,- ამის შესახებ პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და მტკიცებულებები.
„სასამართლომ შეაფასა, თუ რა სასჯელი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო ობიექტური სასჯელი, სამართლიანი და რელევანტური, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება სხვა პროცესებს, დაველოდოთ მოვლენებს. ნაწილ პროცესზე კიდევ გვაქვს მტკიცებულებები გამოსაკვლევი, ნაწილი დასრულდება დღეს დიდი ალბათობით“, – აღნიშნა პროკურორმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გირაოს გადახდა ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოდ, პროკურორი განმარტავს, რომ სასამართლოს პრეროგატივაა რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ შეაფასებს.
„საქმეები იდენტურია, ერთი და იგივე მუხლს ეხება, მტკიცებულებათა ნაწილიც ერთნაირია“,-აღნიშნა პროკურორმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა მიმდინარე საქმეებში პოლიტიკურ კონტექსტს, როდესაც კვლავ ხდება ოპოზიციონერების საგამოძიებო კომისიაში დაბარება, პროკურორი აღნიშნავს, რომ სამართლებრივ ჭრილში ხდება ყველაფრის შეფასება და პოლიტიკური კონტექსტის არსებობას ვერ დაადასტურებს.
„ჩვენ ვიხილავთ სამართლებრივ ჭრილში, პოლიტიკური კონტექსტი მათი სუბიექტური აზრია, რომელიც მიმართულია იქით, რომ გარკვეულწილად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან იყოს თავი აცილებული. სამართლებრივ ჭრილში ხდება შეფასება. პოლიტიკური კონტექსტს ამ შემთხვევაში ვერ დაგიდასტურებთ“,-აღნიშნა პროკურორმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
ინფორმაციისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.