ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებაზე“ – რა იმპიჩმენტი, რის იმპიჩმენტი? ეგენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და მორჩება

რა იმპიჩმენტი, რის იმპიჩმენტი? ეგენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და მორჩება. მორიგი თემა წამოწიეს, რადგან არ იციან, რაზე ილაპარაკონ, მორიგი ნეგატივი გამოაგდეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს სალაპარაკოდ მიუგდონ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის კიდევ ერთხელ დაწყებას გამოეხმაურა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პრეზიდენტთან ძირითადად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ჩატარდება წინასაარჩევნო კამპანია და როგორ მივლენ გამარჯვებამდე.
„კარგი შეხვედრა იყო. ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, როგორ ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას, როგორ მივდივართ საბოლოოდ გამარჯვებამდე და შემდეგ როგორ უნდა იყოს ტრანზიციის პერიოდი ისე, რომ ყველაფერმა მშვიდად, სტაბილურად ჩაიაროს. ხედვებზე, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, პრაქტიკულად ყველაფერზე თანხმობა გვაქვს. გვქონდა გარკვეული იდეები, რომელზეც ალბათ, მომავალში ვისაუბრებთ. შევთავაზეთ და მათი ნაწილი მოეწონა, შეიძლება განხორციელდეს. კარგი, პოზიტიური შეხვედრა იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მან უპასუხა „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შესახებ დასმულ კითხვასაც და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ პრინციპებზე არ შეთანხმებულან, თუმცა ამ საკითხზე იმსჯელებენ.
„ეს არის პროცესი. კონკრეტულ პრინციპებზე ამ ეტაპზე არ შევთანხმებულვართ. ეს იქნება მსჯელობის საგანი და ყველა შემთხვევაში შევთანხმდებით. ზოგადი საკითხები გავიარეთ, რასაც ვერ გავაჟღერებ, მაგრამ სრული თანხმობა გვაქვს. ყველაფრის ამოსავალი ჩვენთვისაც და პრეზიდენტისთვისაც „ქართული ქარტიაა“, სადაც კონკრეტული ნაბიჯებია. ამ ქარტიის ერთგული ვართ როგორც რეფორმების, ისე მთავრობის დაკომპლექტების ნაწილში. არსად არ გვაქვს კითხვები“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა „ალდეში“ გამართულ შეხვედრებზე და აღნიშნა, საქართველოს საკითხისადმი „წარმოუდგენელი ინტერესია“.
„ალდეს“ კონგრესიდან დღეს დილით ჩამოვედი. საკმაოდ ფართომასშტაბიანი შეხვედრა იყო. იყო წარმოუდგენელი ინტერესი საქართველოს მიმართ. 3 წელია აქ დავდივარ და ვესწრები. საქართველოს საკითხის მიმართ ასეთი ინტერესი ჯერ არ ყოფილა. უკრაინის შემდეგ მეორე საკითხი ჩვენ ვიყავით, მესამე საკითხი კი იყო -ღაზას ამბავი. სრული მხარდაჭერა გვაქვს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რასაც თითს დავადებთ, ყველაფერს მივიღებთ ევროკავშირიდან. ასეთია იქიდან განწყობა. ცალკე შეხვედრა გაგვიკეთეს ქართულ დელეგაციას, სადაც ყველა პარტია ვიყავით წარმოდგენილი. ერთადერთი საკითხი განიხილებოდა: რით შეიძლება დაგვეხმარონ უახლოეს კვირებში. ცალკე პანელი იყო – დისკუსია მოაწყვეს, სადაც განიხილეს სამხრეთ კავკასიის საკითხები და დროის 90% საქართველოს საკითხმა წაიღო. ძალიან მაღალია იმის გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს არჩევნები – ამით წყდება სომხეთის, სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის უსაფრთხოების, შუა აზიის ქვეყნების ბედი. „ალდეს“ წევრი პარტიები, ყველა, აპირებს 26 ოქტომბერს დილიდან ტელევიზორთან იჯდეს და არჩევნებს დააკვირდეს. ყველას აინტერესებს, რა მოხდება აქ, რადგან აღმოსავლეთ ევროპის და მთლიანად ევროპის ბედი წყდება“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ