პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ის სხდომათა დარბაზში მარტო, ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა, რადგან მისივე თხოვნით მისმა ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ჯაფარიძის თხოვნა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ და პროცესი დაცვის გარეშე გააგრძელა. ამის შემდეგ მან განიხილა პროკურორების, მარი მეშველიანისა და ნათია თათიაშვილის შუამდგომლობა ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დორებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. მისი სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი თქვა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას შეისწავლის. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე მას 20 000-ლარიანი გირაო დააკისრეს, მაგრამ ჯაფარიძე მის გადახდაზე უარი განაცხადა. დღეს, 22 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე კი პროკურატურამ მისი დაპატიმრება მოითხოვა.
