რა ხდება, თუ რეჟიმი აკეთებს იგივეს, რაც გააკეთა 26 ოქტომბერს და წერს რიცხვებს, რა რიცხვებიც უნდა? – სანამ ამ კითხვაზე არ გვექნება შეთანხმებული პასუხი, მანამდე ხალხს არჩევნებზე ვერ დავუძახებთ, რადგან ყველაფერი, რასაც ვიტყვით, იქნება ტყუილი და ეს ხალხმაც იცის , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომელიც 12 ივნისით თარიღდება.
ჯაფარიძე საუბრობს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და აცხადებს, რომ ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმა მისთვის პრინციპული საკითხია.
მისივე თქმით, ვიდრე კითხვაზე, რა ხდება თუ „რეჟიმი აკეთებს იგივეს, რაც გააკეთა 26 ოქტომბერს და წერს რიცხვებს, რაც უნდა?“, პასუხი არის გასაცემი, რასაც მხოლოდ ერთად შეიძლება გაეცეს პასუხი და რისთვისაც დიალოგია საჭირო. ჯაფარიძე ფიქრობს,რომ სანამ კითხვაზე არ იქნება შეთანხმებული პასუხი, ხალხს „არჩევნებზე ვერ დავუძახებთ“.
წერილში ჯაფარიძე ხაზს უსვამს ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას და აღნიშნავს,რომ ამოცანა არ არის კამათის მოგება, არამედ “რეჟიმი დამარცხება”. ამასთან, ჯაფარიძე საუბრობს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ნებისმიერი მცდელობა მისთვის შეურაცხყოფის მიყენების, მითითებით, „თითქოს შანსი იყოს რომ ივანიშვილს გაურიგდა, რადგან დისკუსიას ითხოვს ამ ე.წ არჩევნების საკითხზე, არის კონტრპროდუქტიული“.
„აქედან ჩემი ხმა დაახლოებით 1-კვირიანი დაგვიანებით აღწევს გარეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა იყოს დაფიქსირებული იმ ე.წ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს.
ჩემთვის პრინციპული საკითხია ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმა. ნებისმიერ ტყუილში. რადგან რეჟიმი დგას ტყუილზე. თითოეული მოქალაქის, და პირველ რიგში, პოლიტიკოსების მხრიდან უარი ტყუილში მონაწილეობაზე (და უკვე შემდეგ გამბედაობა, რომ სიმართლე ხმამაღლა იყვირო) არის არა უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ ერთადერთი სწორი სტრატეგია გამარჯვებისთვის.
მაგრამ ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს (შეიძლება ვერ ვხსნი გასაგებად), ამიტომ აქ სხვა რაღაცებს დავწერ.
ამოცანა არაა კამათი მოვიგოთ და უფრო მაგარი გამოვჩნდეთ. ამოცანაა – რეჟიმი დავამარცხოთ.
ნებისმიერი მცდელობა მამუკა ხაზარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენების, იმის პირდაპირ თუ ირიბად მითითებით, თითქოს შანსი იყოს რომ ივანიშვილს გაურიგდა, რადგან დისკუსიას ითხოვს ამ ე.წ არჩევნების საკითხზე, არის კონტრპროდუქტიული.
იგივე ლოგიკით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ამას აკეთებს, ის არის გარიგებული, რადგან ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია მგონია, პრინციპული. შევეშვათ ამ მარაზმს, სირცხვილია.
არანაირ დედაქალაქს ან დიდ ქალაქებს რეჟიმი არ დათმობს. ეს არის ზღაპარი.
აქ მილიონი არგუმენტის დაწერა შეიძლება, მაგრა მთავარი კითხვა არის – რა ხდება, თუ რეჟიმი აკეთებს იგივეს, რაც გააკეთა 26 ოქტომბერს და წერს იმ რიცხვებს, რა რიცხვებიც უნდა?
სანამ ამ კითხვაზე არ გვექნება შეთანხმებული პასუხი, მანამდე ხალხს არჩევნებზე ვერ დავუძახებთ, იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ვიტყვით, იქნება ტყუილი და ეს ხალხმაც იცის.
შედარება 2003 და/ან 2012 წელთან, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზაციით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების ცვლილება – არარელევანტურია.
არც 2003ში და არც 2012ში ხელისუფლებაში რუსები არ იყვნენ. ორივე ეგ ხელისუფლება სენსიტიური იყო დემოკრატიული დასავლეთისგან მომავალი კრიტიკისადმი და არცერთი არ იყო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იმაზე წამსვლელი, რაზეც ეს რეჟიმი უკვე მიდის ან აწი წავა. ანუ გამოდის, რომ ამ რეჟიმის რეალურ ბუნებაზე ვერ ვთანხმდებით?
სამოქალაქო სექტორი ხელოვნურ სუნთქვაზეა.
მედია მოახრჩეს. გამოხატვის თავისუფლებას კლავენ. ოპო პარტიებს გუდავენ. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მათ ხელში და ხელით მართვაზეა. საარჩევნო დავები მურუსიძესთან მიდის. საარჩევნო პროცესზე დაკვირვება აკრძალეს. “ტიტუშკების” და ბოტების არმიები ჰყავთ მობილიზებული. გისაფრდებიან, გცემენ, გიტაცებენ, გიჭერენ და მეორე მხარეს, სრული დაუსჯელობაა. არსებობს ზღვარი, რომლის იქეთაც ასეთ პროცესში მონაწილეობის არ მიღება უბრალოდ პრაგმატულად სწორი კი არა, არამედ თავმოყვარეობის საკითხი ხდება.
რომ დაგვავალდებულონ კლოუნის წითელი ცხვირებით იარეთ, თორემ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოგხსნითო, უნდა ვიაროთ? სად გადის ეს ზღვარი?
– შსს/პროკურატურაში დაბარებულზე არ მივდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას;
– წულუკიანთან დაბარებულზე არ მივდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას;
– მანდატებზე ვამბობთ უარს, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას;
– სასამართლო დარბაზიდან გავდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას;
მაგრამ ე.წ ადგილობრივ არჩევნებზე გავდივართ? ეგ არ არის ცირკი? ;
აკრობატულ ნომერს არ შევასრულებ, რადგან ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ცეცხლწაკიდებულ რგოლში თავით გავძვრები და ჰოპს დავიძახებ, გაუგებარია.
თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. თუ ცირკია, ყველგან ცირკია.
რეჟიმის მიზანია, გვაქციოს კლოუნებად. არათანმიმდევრულობა ეხმარება მათ ამ საქმეში.
აბა რა ვქნათ?
მე აქედან ჭკუის სწავლებას არ დავიწყებ. მეორე პუნქტში რა კითხვაც დავწერე, იმ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. და მაგ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ყველას ერთად შეგვიძლია გავცეთ. ოღონდ ჯერ ერთად უნდა დავსხდეთ და მაგაზე ლაპარაკი დავიწყოთ.
მანამდე კი, ეს ე.წ არჩევნები ამ ოქტომბერში რომ არ ყოფილიყო და 2027 წლის ოქტომბერში რომ ყოფილიყო, მაშინ რას ვაკეთებდით? ვჩერდებოდით? ვიღუპებოდით?
აი, რასაც მაშინ გავაკეთებდით, ეგ გავაკეთოთ.”
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკანი N220“, – წერილია წერილში, რომელიც ჯაფარიძის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
