ზურაბ ჯაფარიძე – იმდენი მაქვს საფიქრალი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება და რომ დაიშლება ვინ საით წავა, ვინ შეიძლება ჩემკენ წამოვიდეს, ასეთ მათემატიკაში ვერ შევდივარ – გვერდიდან ვუყურებ და ბევრ რაღაცაზე მეცინება

სააკაშვილი ეგეთი ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც ცდილობს ისეთ თემებს მოაჯდეს, რომელიც მისი აზრით გატანადი და პოპულარული შეიძლება იყოს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებას, რომ „გირჩთან“ საერთო მოსაზრებები აღმოაჩნდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს გააზრებული აქვს რას ნიშნავს ეროვნული ბანკის გაუქმება, ევროზე გადასვლა ან თუნდაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი.
„მე არ მგონია, რომ სააკაშვილი „ტროლავდეს“ ვინმეს, მაგრამ არც ის მგონია, რომ გულწრფელი იყოს განცხადებებში. სააკაშვილი არის ისეთი ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს მოაჯდეს ისეთ თემებს, რომელიც მისი აზრით შეიძლება იყოს გატანადი და პოპულარული. ასეთად ჩამოყალიბდა მინიმუმ უკანასკნელი წლების განმავლობაში. არც იმის მჯერა, რომ გააზრებული აქვს რას ნიშნავს ევროზე გადასვლა ან თუნდაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ეროვნული ბანკის გაუქმება და არც იმის მჯერა, რომ „ტროლაობს“ და ამით ერთობა. ის ცდილობს რაღაც თემები დაიჭიროს ისეთი, რომელიც შეიძლება, მისი აზრით, პოპულარული იყოს და ადამიანებს მოეწონოთ. ეს განცხადებაც, ალბათ, მაგ კალათიდანაა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენების ნაწილი კომიკურია და მათზე ეცინება.
„იმდენ რაღაცაზე მაქვს საფიქრალი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება და რომ დაიშლება ვინ საით წავა, ვის რა განწყობები აქვს და ვინ შეიძლება ჩემკენ წამოვიდეს, ასეთ მათემატიკაში ვერ შევდივარ. გვერდიდან ვუყურებ და ბევრ რაღაცაზე მეცინება, როგორც, ალბათ, ყველას. „მგლის ბილეთზე“ მეცინება და ფილმიდან მოვჭერი, დავდე და „დავთაგე” კიდეც. [ხაბეიშვილის მიერ მელიას დემონსტრაციულად გაშვება] – ეს სცენაც კომიკური იყო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კითხვაზე, თანამშრომლობის საკითხში არის თუ არა რომელიმე პოლიტიკოსი წითელი ხაზი, ვისთანაც არ ითანამშრომლებთ, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ ყოფილი პრემიერ – მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, მისი ყოფილი თანაგუნდელები „გირჩიდან“ და ჯერჯერობით წითელი ხაზია, თუმცა ბევრი რამ მათ ქცევაზეა დამოკიდებული.
„წითელი ხაზები არის, კი. არსებობენ პოლიტიკური ლიდერები, რომელთა მიმართაც რაღაც ნდობა მაქვს შენარჩუნებული და არსებობენ ლიდერები, რომელთა მიმართ ნდობა არა მაქვს, თუმცა გარკვეული ნაბიჯების შემდეგ შეიძლება გამიჩნდეს. ამ წუთში არის ჩემთვის კონკრეტული წითელი ხაზები, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია ამ ადამიანების ქცევაზე რა ნაბიჯებს გადადგამენ.
გახარია წითელი ხაზია. გახარიასთან არსებობს კონკრეტული კითხვის ნიშნები. 20 ივნისთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობს არ მჯერა. ჩემს ირგვლივაც არავის არ სჯერა. გარეჯის საქმეზე ორი უდანაშაულო ადამიანები რომ ჩასვეს ციხეში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო და არაფერი არ უთქვამს დღემდე. ია კერზაიას საქმეზე მაქვს კითხვის ნიშნები.
არა მაქვს ნდობა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან მიმართაც. ესენი არიან ხალხი, რომლებიც გამოვიდნენ და „გაუპრავეს” „ოცნებას“ არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. ალეკო ელისაშვილი ჯერჯერობით წითელი ხაზია იმიტომ, რომ მან ასევე „გააპრავა” არჩევნები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ