გახარიას შემთხვევაში თავისუფლად არის დასაშვები, რომ საქმე ამოაყირაონ გახარია დაიჭირონ – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ბათუმში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსული რეჟიმი მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე თავდამსხმელებს არ სჯის, თუმცა ოპოზიციურად განწყობილ ხალხზე ნადირობა აქვს გამოცხადებული.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, როცა მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ, კადრები გაქვს, სადაც ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს ესხმიან და პოლიცია არაფერს აკეთებს. კადრები გვაქვს და იდენტიფიცირებული გვყავს ყველა ტიტუშკა, რომელიც გუშინ დოლიძის ქუჩაზე იმყოფებოდა. არცერთ მათგანს, არც ტიტუშკებს და არც პოლიციელებს არ სჯიან. საპირისპირო მხარეს ადამიანებს დაკუჭული ქაღალდის სროლის გამო იჭერენ. აქეთა მხარეს სრულიად დაუცველი ხარ, შეიძლება დაგიჭირონ და რაღაცები გაგიკეთონ, იქითა მხარეს კი არავინ ისჯება, ეს არის ჩვეულებრივი რუსული რეჟიმი”- განაცხადა პოლიტიკოსმა.
სასტუმრო “შერატონში” “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ივანიშვილის გუნდი ყოფილ პრემიერს დაჭერით ემუქრება.
მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება თავად გახარიამ დაიწყო და მას მიუთითებს, “დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას?”.
ცნობისთვის, “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
“შერატონში” თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.