ზურაბ ჯაფარიძე – გენდერული კვოტირება მიუღებელია, მაგრამ სასაცილოა, რომ ეს კანონი მაშინაც ტაშისკვრით მიიღეს და ახლაც ტაშისკვრით ცვლიან – ხატავენ სურათს, თითქოს შესაძლებელია ოპოზიციამ ინიციატივა დააყენოს და „ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს

გენდერული კვოტირება პრინციპულად მიუღებელია, რადგან დამამცირებელია ქალებისთვის, – ამის შესახებ პარტიის „გირჩი- მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე “გირჩის“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ის ყოველთვის იყო გენდერული კვოტირების წინააღმდეგი, თუმცა ახლა სასაცილო ის არის, რომ მაშინ კვოტირებასთან დაკავშირებული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ ტაშისკვრით მიიღო და ახლა ტაშისკვრით ცვლის.
„ადამიანი ნებისმიერ საქმეში წარმატებას უნდა აღწევდეს საკუთარი ცოდნით, უნარებით, ქცევით და ა.შ.. პოლიტიკაც არ განსხვავდება სხვა პროფესიებისგან. ჩემთვის პრინციპული საკითხი არის ის, რომ გენდერული კვოტირება პრინციპულად მიუღებელია, რადგან პირველ რიგში, დამამცირებელია ქალებისთვის. სინამდვილეში, ქალებს ეუბნებიან, რომ „თქვენ არ შეგწევთ უნარი, კონკურენცია გაუწიოთ საქმეში კაცებს, ამიტომ მოდით, მოაწყვეთ ერთმანეთში შეჯიბრი და თქვენ შორის, ვინც იქნება გამარჯვებული, ჩვენ, კაცები გადავწყვეტთ და გავანაწილებთ სიაში“ – რაც მარაზმი და დამამცირებელია ნებისმიერი ქალისთვის. მე ყოველთვის ვიყავი ამის წინააღმდეგი და ის რომ ამას უკან აბრუნებენ კარგია. სასაცილო არის ის, როცა იღებდნენ ამ კანონს, მაშინაც ტაშისკვრით მიიღეს და ახლა როცა ცვლიან, ისევ ტაშისკვრით ცვლიან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე მოსაზრებით, “გირჩსა” და “ქართულ ოცნებას” შორის არ შეიძლება ამ საკითხში გარიგება ყოფილიყო, რადგან უმრავლესობას კანონის გატანისთვის არავის ხმა არ სჭირდება.
„არ მგონია, გარიგება იყოს. „ქართულ ოცნებას“ უნდოდა ამის გაკეთება. ამის შესახებ დიდი ხანი დადიოდა ხმები, უბრალოდ პრობლემა აქვთ ის, რომ ვერ პოულობენ, ქალებს, რომლებმაც შეიძლება სიები შეავსონ. გარიგება იქნებოდა მაშინ, როდესაც მინიმუმ ხმები სჭირდებოდეთ -ს თავმჯდომარის ასარჩევად, არც „გირჩის“ და არც სხვა ვინმეს ხმები არ სჭირდებათ ისედაც აირჩევენ თავმჯდომარეს.
ერთმანეთი დასჭირდათ რაღაც სურათის დასახატად, ვითომ რაღაც გაცვლა მოხდა. ხატავენ სურათს, თითქოს, ამ ქვეყანაში შესაძლებელია ოპოზიციურმა პარტიამ ინიციატივა დააყენოს და „ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს. ხმები რომ სჭირდებოდეთ, შეიძლება წარმოგედგინა, რომ “ბარტერი” ყოფილიყო, ხმებიც არ სჭირდებათ არავისი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძემ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემაზე ე.წ. “ვეტინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ “ვეტინგის” სისტემას საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების საკითხში ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება.
“ვენეციის კომისიამ გასაგებად გვითხრა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემების მოგვარებას ორი რამ სჭირდება: ერთი ეს არის იმ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ტესტი, რომლებიც დღეს არიან სისტემაში, რომლებიც „კლანის“ წევრებად ითვლებიან და მეორე ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემური რეფორმა, რომ არ იყოს ისეთი მონსტრი როგორც არის. გვეუბნებიან, რომ ეს არის ფუნდამენტური საკითხი საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების საკითხში.
არავინ არაფერში ერევა, რატომ იტყუებიან? ქვეყანას და ხალხს გვაქვს გაცხადებული, რომ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და თუ გვინდა გავხდეთ წევრი, ევროკავშირი გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ კლუბი და ჩვენთან ასეთი თამაშის წესებია, მაშინ ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ, თუ არ გინდა, მაშინ არ გაითვალისწინოთ. არავინ მოდის და სუვერენულ უფლებებში, არც ხელს ყოფს, არც ფეხს და არც ცხვირს“,- განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ვენეციის კომისიის ანგარიშში არის საუბარი კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ: „პირდაპირ წერია, სიტყვა „ვეტინგი“ არ ვიცი რამდენად არის ნახსენები , მაგრამ კეთილსინდისიერების შემოწმება წერია. ბორელის ოფისი განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით“,- აღნიშნა მან.