ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ – რამდენიც არ უნდა დააკავონ – არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია, ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იღებს „დრაკონულ კანონს“ ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა.
„ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ – რამდენიც არ უნდა დააკავონ. ისინი [„ქართული ოცნება“] აკეთებენ ყველაფერს, რომ პროტესტი ჩაახშონ. სჭირდება ამას საკანონმდებლო ცვლილებები? – ამას აკეთებენ. იღებენ რაღაც დრაკონულ კანონს ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა ეს. ერთი ერთში აკოპირებენ ყველაფერს. არც მაგისი არვის ეშინია. არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია. ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
