ჰელსინკის კომისიის განხილვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს არ მოაკლდება ყურადღება და ქართველ ხალხს არ მოაკლდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, პარტნიორი ქვეყნები ქართველი ხალხის მიტოვებას არ აპირებენ.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, არ ტოვებენ საქართველოს ყურადღების გარეშე და „რუსული კანონი“, ისევე როგორც ზოგადად შექმნილი მდგომარეობა წინასაარჩევნოდ, არის მათი ყურადღების საგანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ამ ისტორიულ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ჰელსინკის კომისიის ეს განხილვაც კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს არ მოაკლდება ყურადღება და ქართველ ხალხს არ მოაკლდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.