ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩვენ ახლა უფრო მეტად გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით – საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა საკვანძოა, რომ შევბოჭოთ „ქართული ოცნების“ თავგასულობა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც

ჩვენ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ წლის განმავლობაში რეგულარულად იქნება დასავლეთიდან ასეთი ვიზიტები, რადგან ქვეყანა და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის გზაზე დგას, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტნიორი ქვეყნებიდან ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს სტუმრობს და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. პირველ რიგში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – მთავარ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას. რა თქმა უნდა, საუბრის თემა მომავალი არჩევნებია და ის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ქვეყანაში პოლარიზაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობამ, უკვე 11 წელზე მეტია, მოიტანა.
ჩვენ, უნდა ვიცოდეთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დასავლეთიდან ასეთი ვიზიტები რეგულარულად იქნება, რადგან ქვეყანა და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის გზაზე დგას. ბუნებრივია, ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტად გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა საკვანძოა, რომ შევბოჭოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედანაც, „ქართული ოცნების“ თავგასულობა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც.
ჩვენ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა – გამარჯვების კოალიციამ“ წერილების გაგზავნა დავიწყეთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში, ასევე ნატო-ს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეებში, ევროპარლამენტში, სხვა მეგობარ ქვეყნებში, რადგან, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს არჩევნებს.
ფორმალურად, როდის მოიწვევს „ქართული ოცნება“ სადამკვირვებლო მისიებს, ეს ბუნებრივია ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, რომ ახლავე დაიწყონ მზადება, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში.
დღევანდელი შეხვედრიდან, იმის მოსმენა სასიამოვნოა, რომ ჩვენი პარლამენტარები აპირებენ ჩაეწერონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში და არჩევნების დაკვირვებაში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის განცხადებასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ