ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დაბრუნებას ნიშნავს, – ასე გამოეხმაურა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის განცხადებას.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს, არჩევნებში საზოგადოებამ ან ევროკავშირი უნდა აირჩიოს, ან “ქართული ოცნების” ჩაკეტილი წრე, რომელიც მისი შეფასებით, ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს და ქვეყნის სახელმწიფოებრიობას დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს.
„ძალიან მკაფიოა არჩევანი, რასაც ქართველი ხალხი ვაკეთებთ 26 ოქტომბერს, ან ვირჩევთ ევროკავშირს, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა დგას, ან ვრჩებით “ქართული ოცნების” ჩაკეტილ წრეში, იზოლაციაში, რაც არის გზა უკიდურესი გაღარიბებისკენ, რომ დაიცალოს ქვეყანა და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დადგეს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს სწორედ ევროპული გზის სასარგებლოდ გააკეთებს ქართველი ხალხი არჩევანს, რაც ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ევროპულ კეთილდღეობას. ჩვენს მეგობრებს ევროპასა და აშშ-ში ექნებათ საშუალება კიდევ უფრო დიდი ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება გაუწიონ ჩვენს ქვეყანას და საქართველო საბოლოოდ მოხვდეს იმ ქვეყნების თანამეგობრობაში, სადაც არის უსაფრთხოება, მშვიდობა და კეთილდღეობა,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირიდან წამოსულ დახმარებებზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის საგარეო ტრაექტორიამ, საქართველოსთვის გამოყოფილი 121 მილიონიანი ევროს დახმარების პროგრამის შეჩერება გამოიწვია. ელჩის თქმით, თუ ქართველი ხალხი კენჭისყრით გადაწყვეტს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა გაწყვიტონ, საქართველო ყველა ფინანსურ დახმარებას დაკარგავს.
„საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ, ღებულობენ“, – აღნიშნა ელჩმა.