ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, რომ დღეს ქართული სახელმწიფო ასეთ ფორუმებს და კონფერენციებს არ იყენებს, სადაც წესით საქართველოს მინისტრები ოფიციალური მომხსენებლები უნდა იყვნენ, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე ევროკავშირის წევრი გახდეს – ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს საკითხი ადამიანების ყურადღების ცენტრში დარჩეს და მომავალ კვირაში ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება.
მისივე თქმით, დღეს რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება ჰყავდეს, ლენარტ მერის კონფერენციაზე მინისტრები ოფიციალურ მომხსენებლებად წარმოდგენილები იქნებოდნენ.
„აღარანაირი ილუზია ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ აღარ არსებობს, რომ ეს რეჟიმი არის რუსული და რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმი. რაც შეეხება თვითონ კონფერენციას და მის დღის წესრიგს, ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არ იყენებს ასეთ ფორუმებს, არა თუ არ იყენებს, პირიქით, ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული იზოლაცია გულისხმობს ზუსტად იმას, რომ არც ოფიციალურ შეხვედრებზე და არც ასეთ მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც ყალიბდება პოლიტიკა ამა თუ იმ საკითხზე, საქართველოს ხსენება არ იყოს. წესით, დღეს რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება ჰყავდეს, აქ იქნებოდნენ მინისტრები ოფიციალურ მომხსენებლებად, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სწრაფად ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მოხდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს საკითხი ადამიანების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს ვთავაზობთ, თუ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა. მომავალ კვირაში ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დარეგისტრირდება რეზოლუციის პროექტი და ასე გამოხატავს იმ ქვეყნის პარლამენტი სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც იქნება. ამ ეტაპზე იქნება გამოხატული სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და მისი ბრძოლის მიმართ, რომ საქართველო ნატო-ს და ევროკავშირის წევრი გახდეს.
რაც შეეხება სანქციებს, იმ საუბრებიდან, რაც ჩვენ უკვე თბილისში გვქონდა, ვიხილეთ მაღალი დონის ვიზიტები და კიდევ მომავალ კვირაში გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი ვიზიტი იქნება და იმ საუბრებიდან დასკვნა, რაც მე მაქვს ერთი რამ სრულიად მკაფიოა, რომ სანქციები მაღალი ალბათობით იქნება და ამ სანქციებს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი უშუალო გარემოცვა ვერ გადაურჩება, ვერც კრიმინალთან შეზრდილი სამართალდამცავები, რომლებიც აორგანიზებენ სასტიკ ანგარიშსწორებას მშვიდობიან მომიტინგეებთან და უშუალოდ ის პარლამენტარებიც ვერ გადაურჩებიან, რომლებიც დგანან ამ კანონის მიღების ავანგარდში და მინდა გაფრთხილება იყოს უკლებლივ 85-ვე პარლამენტარისთვის, რომ მათ ნაწილს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ სანქციების სიაში არ მოხვდნენ, თუ კი ისინი არ დაეხმარებიან: მდინარაძე, ოხანაშვილს და კობახიძეს ვეტოს დაძლევაში. ყველა, ვინც აქტიურად უჭერდა მხარს ამ კანონს და ღილაკს ხელს აჭერდა, ჯერ კიდევ შეუძლიათ საქართველოს კურსი გადაარჩინონ, რომელიც ივანიშვილმა შეუცვალა, ეს არის მათი ბოლო შანსი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ლენარტ მერის კონფერენციაზე იმყოფება, რომელიც მეჩვიდმეტედ ტალინში იმართება, რომელსაც ევროპელი, ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები და წამყვანი ექსპერტები ესწრებიან.