„რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩახერგვაა. ჩვენ პარტნიორებს არანაირი ილუზია „ქართული ოცნების“ რეჟიმის ბუნებასთან დაკავშირებით აღარ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ მიატოვონ ქართველი ხალხი იმ ისტორიულ ბრძოლაში, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა ჰქვია.
„სრულიად საჯაროა, ის რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამბობენ, „რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩახერგვაა. ამიტომ ჩვენ პარტნიორებს არანაირი ილუზია „ქართული ოცნების“ რეჟიმის ბუნებასთან დაკავშირებით აღარ აქვთ.
ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად უფრთხიან, რომ ქართველი ხალხი არ დაზიანდეს ამ ბრძოლაში, მაგრამ არსებობს გარკვეული პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც პარტნიორებისთვის შეუთავსებელია.
რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დაყენებულია საკითხი, დადგეს ინდივიდუალური სანქციები არამარტო ივანიშვილის მიმართ, არამედ იმ 83 დეპუტატის მიმართაც, რომლებმაც ამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი.
ის ფაქტი, რომ შვედეთიდან მინისტრი ჩამოვიდა ადგილზე სიტუაციის გასაცნობად, მკაფიო ნიშანია, რომ არავის უნდა ივანიშვილმა საქართველო რუსეთის გუბერნიად გადააქციოს. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, მათ შორის კობახიძეც გვიმტკიცებდა, რომ არანაირი ფინანსური სარგებელი თუნდაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით არ მიგვიღია, რაც ტყუილია. სტატუსის მიღებით ქვეყანას 2 მილიარდიანი ევროს ფონდი გამოეყო და ეს თუ გადაიხედება იმის გამო, რომ ივანიშვილის რეჟიმი დგამს რუსულ, პუტინისტურ ნაბიჯებს, ეს ქართველ ხალხს დააზიანებს. ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ავრცელებს ტყუილს და შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს.
„ქართული ოცნება“ და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გამოიყენოს ყველა, მათ შორის იურიდიული ხრიკი, რადგან პოლიტიკურად უმტკივნეულოდ გაიტანოს ეს „რუსული კანონი“. ახალგაზრდები ბუნებრივია გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ, ოპოზიცია კი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევაჩეროთ ამ კანონის მიღება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება მომავალ არჩევნებზე შეცვლის ხელისუფლებას. ივანიშვილმა თქვა, რომ მისი მიზანია გააქროს საქართველოში თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ოპოზიცია, რაც ძალიან მკაფიოდ და ცხადად განაცხადა”,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.