ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამ განცხადებას მოჰყვება ანალოგიური ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან და შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის, მათ შორის, ქართველი ხალხისა და მისი მეგობრების ინტერესში არ არის ჩვენი ყოფნა ჩიხში და ამ ჩიხში უფრო ღრმად შესვლა, რასაც კობახიძე აკეთებს თუნადაც იმ აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ევროკომისართან საუბრის და თავად ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პასუხს.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის სრული ტყუილი, რომელიც მას დასჭირდა იმიტომ, რომ ტყუილების მეტი სათქმელი აღარაფერი არ დარჩა.
„კობახიძის გუშინდელი განცხადება არის მორიგი ტყუილი – საქართველოს არც ერთი მეგობარი და პარტნიორი საქართველოს, ქართველ ხალხს და სამწუხაროდ, მის დღემდე მოქმედ მთავრობას, რომელიც ცალსახად რუსული რეჟიმია, ასე არ ელაპარაკება და ამ ენით არ ელაპარაკება. კობახიძეს ეს ტყუილი სჭირდება იმიტომ, რომ მათ სხვა მეტი არაფერი არ აქვთ სათქმელი ამ ტყუილების გარდა. მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეერთებული შტატების ამ განაცხადს, მოჰყვება ანალოგიური ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან და შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის ინტერესში, მათ შორის, ქართველი ხალხისა და მისი მეგობრების ინტერესში არ არის ჩვენი ყოფნა ჩიხში და ამ ჩიხში უფრო ღრმად შესვლა, რასაც კობახიძე აკეთებს თუნადაც იმ აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, რაც მან გუშინ გააკეთა. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მეგობრები საუბრობენ, ისინი საუბრობენ ძალიან მკაფიოდ, ძალიან დიპლომატიური ენით, მაგრამ, ამავდროულად, თუკი დიპლომატიური ენა არ ესმით, ისინი, ასევე, ძალიან დიპლომატიური ენით აანონსებენ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ ენტონი ბლინკენის განცხადებაში ვიხილეთ. ამიტომ, ევროკომისიის და ევროკომისრების შეურაცხყოფა იმ ტყუილით, რაც კობახიძემ გააკეთა, არის სრული აბსურდი. ამას არავითარი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან. ქართველი ხალხი არ აპირებს გადაიჩეხოს უფსკრულში, არ გადაიჩეხება და ამას არც საქართველოს მეგობრები დაუშვებენ“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს ახლა ისღა დარჩენიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს გაემიჯნონ.
„ქართულ ოცნებას“ და მის წევრებს ახლა აქვთ ერთადერთი არჩევანი, დროულად გაემიჯნონ ივანიშვილს და საკუთარი თავიც და, პირველი რიგში, ქვეყანა, თუკი პატრიოტიზმის ნატამალი შერჩენიათ, იხსნან სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისგან.
ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა, რა თქმა უნდა, კვლავაც ცდილობს, რომ აბსურდული კითხვებით გადაფაროს ის, რაც გამოაცხადა ენტონი ბლინკენმა წუხელ და რაც არის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია. საქმე არ ეხება კონკრეტულ კანონს, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „რუსული კანონი“ არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ნახსენებია 2012 წელი და ჩვენ ვხედავთ ამ პერიოდიდან ძირის გამოთხრას დემოკრატიისთვის. ამიტომ, დისკუსია გასცდა ამ საშინელი კანონის ფარგლებს და ლაპარაკია იმაზე, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, მათ შორის, მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების განვითარებით, ცდილობს ჩაახშოს ქართველი ხალხის ნება, რომელიც არის ურყევი და მტკიცე, რომ საქართველო იქნება დემოკრატია და იქნება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.