ზურაბ ჭიაბერაშვილი – ვმუშაობთ სამართლებრივად და პოლიტიკურად, რათა მივაღწიოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით და არა ჯანმრთელობის გამო

ჩვენ მუდმივად, მეთოდურად ყველა მიმართულებით ვმუშაობთ – სამართლებრივად და პოლიტიკურადაც, რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა შეწყდეს და პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდეს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით და არა უბრალოდ ჯანმრთელობის გამო.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის მხარე და თავად პრეზიდენტი ზელენსკი ყოველთვის ძალიან აქტიურია, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უფრო მეტიც, ის უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანია და ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს ვალია თავისი მოქალაქის უფლებები დაიცვას, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური დევნაა და პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ მუდმივად, მეთოდურად ყველა მიმართულებით ვმუშაობთ – სამართლებრივად და პოლიტიკურადაც, რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა შეწყდეს და სააკაშვილი გათავისუფლდეს პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტმაც თქვა, რომ „ვივამედში“ შექმნილი მდგომარეობა, რომელიც არის მჩაგვრელი, ღირსების შემლახავი და რეპრესიული მის გამოჯანმრთელებას არ ემსახურება, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს, პირველ რიგში, პოლიტიკური ნიშნით და არა უბრალოდ ჯანმრთელობის გამო“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.