ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე

ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც ძალიან მკაფიო სიგნალს ქართველი ხალხის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის არჩევანი 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს არის დარჩენა იზოლაციაში , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ბრიუსელიდან ჩართვისას აღნიშნა, ქართველ ხალხს უკვე გადაწყვეტილი აქვს, „ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე“.
„ბრიუსელის ზოგადი „მესიჯი“ ძალიან მკაფიოა, მათ შორის ასახულია რეზოლუციაშიც, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ისეთმა ანტიქართულმა, ანტიდემოკრატიულმა და ანტიევროპულმა ძალამ, როგორიც „ქართული ოცნებაა“, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში შეინარჩუნოს ძალაუფლება – როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. განწყობა [ბრიუსელში] ასეთია, რომ ივანიშვილს მხოლოდ ძალადობით და მანიპულაციით შეუძლია მიიტაცოს და დარჩეს ძალაუფლებაში. ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირს მოუწევს ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება. პირველ რიგში, საქართველო დაკარგავს იმ მოსალოდნელ სარგებელს, რაც შეიძლება გვქონდეს. მათ შორის ძალიან დიდი ფინანსურ სარგებელს, მაგრამ სამწუხროდ საქართველო დაკარგავს უკვე მიღებულ სარგებელსაც, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა, რაც ძალიან ფრთხილი ხაზებით იქნა ჩაწერილი ამ რეზოლუციაში. არავის არ უნდა ბრიუსელსა და სტრასბურგში, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგოს ის მნიშვნელოვანი სარგებელი, რასაც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან წარმოადგენს.
ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც ძალიან მკაფიო სიგნალს ქართველი ხალხის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის არჩევანი 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ. ეს არის ნამდვილად ქართული გზა, საქართველოს ინტერესების დამცველი გზა და ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდია სარგებელი, რომელიც წამოვა საქართველოსკენ და მეორე მხარეს არის დარჩენა იმ იზოლაციაში, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველ ხალხს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე. 26 ოქტომბრის შემდეგ ქართველი ხალხი დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს