ვერაგები და ბოროტები არიან და ცდილობენ მაქსიმალურად ბოლომდე ანერვიულონ ადამიანები, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ პატიმრების შეწყალების მოლოდინთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ზურაბ ცეცხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მისი აზრით, შეწყალება „სინდისის პატიმრებს“ არ შეეხება, რადგან ამის წინაპირობა არ არსებობს.
„რეჟიმის მხრიდან ვერაგული და ბოროტი გადაწყვეტილება იყო მიღებული. მარტო სინდისის პატიმრების კი არა, ზოგადად პატიმრების ოჯახები ანერვიულეს. შეიძლება მთელი წლის განმავლობაში არ ენერვიულათ ამ ოჯახებს, ახლა რომ მოუწიათ ერთი დღის განმავლობაში. ვფიქრობ, თუ რამე[შეწყალების აქტი] გამოცემულია, 11-დან 12 საათამდე უნდა გამოაქვეყნონ.
რეჟიმის პრეზიდენტმა რომ განცხადება გააკეთა, რომ ნათლისღებას იქნება შეწყალება, ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დროა გასული, ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ აქამდე ვერ გაუბედეს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ამბავი მიეტანათ და ახლა ათანხმებენ. ვფიქრობ, რომ ახლა არ მიმდინარეობს კამათი, უბრალოდ ბოროტი განზრახვაა. ვერაგები და ბოროტები არიან და ცდილობენ მაქსიმალურად ბოლომდე ანერვიულონ ადამიანები. არ ვიცი, ეს რატომ სიამოვნებთ და რატომაა ეს მათთვის მისაღები.
რეალურად, მე ვფიქრობ, რომ ეს[შეწყალება] სინდისის პატიმრებს არ შეეხება, რადგან ამის წინაპირობები დღეს არ არსებობს, არც პოლიტიკური წინაპირობები და არც ის პირობები, რასაც თავად უყენებდნენ პატიმრებს. მონანიება და ბრალის აღიარება არ მომხდარა და შესაბამისად არ ველოდებით, რომ ისე შეიწყალონ ეს ადამიანები, რომ მათ რაიმე ხეირი არ ნახონ. ვფიქრობ, უბრალოდ ბოროტი განზრახვაა, დღის ბოლომდე ანერვიულებენ ადამიანებს“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.




