ზურაბ ცეცხლაძე – არავის ვაძლევთ უფლებას ჩვენი შვილებით ივაჭრონ და რაღაც პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ – ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება და ჩაშლა, ეს იქნება სრული გამარჯვება

პროცესი სრულად პოლიტიზებულია, პოლიტიკაა თავიდან ბოლომდე და ამ ბავშვების გამოყენება უნდათ სავაჭროდ, სავარაუდოდ, მთავრობას ეს ვაჭრობა სთვის დასჭირდება, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, აქციების დროს დაკავებულებს „ქვის სროლას ედავებიან, მაშინ, როცა თვითონ პოლიციამ წამების მაგალითები დაუტოვა ისტორიას“.
„კონკრეტულად ზვიადთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც გმირთა მემორიალზე ფიცი დადო, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლებს. ის, რის გამოც ზვიადი ციხეში ზის, ეს არის ფიცის შესრულების პროცესი. მაშინ, როდესაც ზვიად ციხიდან გამოუშვებენ და იგივე მოცემულობა დახვდება ქვეყანაში – „რუსული კანონი“ , ე.წ. ოფშორების კანონი, „ფარა“ – დარწმუნებული ვარ, ზვიადს ვერავინ გააჩერებს და შეიძლება სულ რამდენიმე დღეში ისევ ციხეში აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ამ ბიჭების უმრავლესობა ამ ფიცის მონაწილეები არიან და ისინი უკან არ დაიხევენ“,- განაცხადა ცეცხლაძემ.
ამასთან, ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ კითხვაზე, ცეცხლაძე აცხადებს, რომ „პოლიტპატიმრების ოჯახებთან მიმართებით ეს არის წითელი ხაზი“.
მისივე თქმით, მშობლების მიზანია – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება ან ჩაშლა, რაც მისი თქმით, გამარჯვება იქნება.
„ამ ბავშვების თავისუფლება შეძლება რამდენიმე თვიანი იყოს, გამოშვების შემდეგ შეიძლება ისევ ციხეში აღმოჩნდნენ, რადგან ქვეყანა ისევ სკენ მიდის. თუ ჩვენ რუსეთისკენ სვლა არ შევაჩერეთ, ამ ბავშვების ციხიდან რამდენიმე თვით გამოყვანა და ისევ დაბრუნება, არაფერი დიდი სიკეთე არ არის არავისთვის. სწორედ ამიტომ, ბევრი სცადეს, მაგრამ საპროცესო შეთანხმებებს ვერ მიაღწიეს. თავიდანვე პოლიტიკურ პარტიებს რომ შევხვდით, ვუთხარით – „ჩვენ არ ვვაჭრობთ შვილებით, არავის ვაძლევთ უფლებას ჩვენი შვილებით ივაჭრონ და რაღაც პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ“. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება და კარგი იქნება თუ მივაღწევთ მის ჩაშლას, ეს იქნება სრული გამარჯვება“,- განაცხადა ცეცხლაძემ.
რაც შეეხება საპროტესტო მუხტს, ცეცხლაძე ამბობს, რომ ხალხი გაიფანტა, თუმცა „პროტესტი არსად წასულა“.
მისივე თქმით, ახალგაზრდების პროტესტში ისევ ჩაბმა ერთობით და რწმენით არის შესაძლებელი.
„რადგან არ არის ერთობა, ეს ხალხი გაიფანტა, ზოგი ნიჰილიზმი მოიცვა, ზოგი შეეფარა, ზოგი თავის დროს ელოდება და ა.შ როგორც კი იგრძნობენ, რომ პასუხისმგებელი ორგანო არსებობს, რომელიც გეგმავს, რისკებს გათვლის, დარწმუნებული ვარ, ყველა გამოჩნდება და ამ ერთობის ირგვლივ გაერთიანდება. პროტესტი არსად წასულა, ეს ბავშვები ისევ არიან, ისევ ფიქრობენ, რომ ქვეყანა რუსეთში მიდის, უბრალოდ, გარეთ არ გამოდიან, კონკრეტულად ქუჩის აქციებს არ უერთდებიან. ამ ახალგაზრდებს უნდა მოვანდომოთ, რომ ქუჩის აქციებს შეუერთდნენ, ეს შესაძლებელია ერთობით. გამარჯვების რწმენა უნდა ჩავუსახოთ. შესაბამისად , რწმენას ჩავუსახავთ და ხალხიც გამოვა“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.