მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ექიმები ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ.
„დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,-აღნიშნა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.
