“”ეს უნიათო ოპოზიცია; ახალი ლიდერი გვჭირდება; მე არც ნაცი მინდა არც ქოცი”, “ახალი პოლიტიკური პარტია გვჭირდება, ახალი ხალხით” – ეს ფრაზები შეიძლება 2016-ში მართლა აქტუალური იყო, მაგრამ 2025-ში უკვე არ მჯერა ამ ფრაზების.
ჯერ ერთი – თქვენი აზრით, 100-დან დაახლოებით რამდენ ადამიანს უნდა პოლიტიკაში პირდაპირ მონაწილეობა? ავიღოთ მაგალითად თემურ ჭყონია. ყოველთვის დალაგებულად მოსაუბრე, ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი – რომელიც ძალიან ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და ნაღდად არ ერიდება “ქოცნების” კრიტიკას. რატომ არ აქვს ან არ არის “პოლიტიკურ პარტიაში”?
ან ხშირად მეუბნებიან, რა კარგი იქნებოდა სხვა “რა? სად? როდის”-ელებიც რომ იყვნენ და ერთი “ახალი პარტია” გააკეთოთო. და არ უნდა ამ ხალხს. არა.
რეალურად ძალიან ცოტა ადამიანს უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში. არიან თავისთვის კომფორტულად, რაღაც თავისი საქმეები აქვთ, ხელფასი თავის დროზე მოდის, მიტინგზე გავა წელიწადში ერთხელ, რაღაც პეტიციაზე ხელს მოგიწერს, “ფეისბუქზე” რამეს დაწერს, მოვალეობას მოიხდის. “მეტს ნუ მოვთხოვთ”. ან რა ვი – მოთხოვეთ. მიდით.
შესაბამისად წრე იმ ადამიანებისა, ვინც თავს პოლიტიკაში მოიაზრებს და პოლიტიკაში წავა, ძალიან მცირეა. მე მაგალითად იგივე გახარიასი თუ ხაზარაძის (ნებისმიერი გვარი შეგიძლიათ ჩასვათ) გამკვირვებია – ძალიან მშვიდად და წყნარად შეეძლოთ ყოფილიყვნენ. წამოჯდებოდნენ სადმე საქართველოს გარეთ, კომფორტულად, სულ ცალ ფეხზე ეკიდებოდათ ვინ რას წამოაძახებდა, ძაან არ გააგონოთ ახლა თქვენ ვინმეს რამე ლონდონსა თუ პარიზში.
აგერ კვირიკაშვილი (არ მგონია სხვათაშორის ცუდი ადამიანი) წელიწადში ერთხელ ერთ სტატუსს დაწერს ხოლმე და მორჩა. ისევ ხაზარაძე – არ აშენდა ანაკლია და ნუ აშენდა, წავიდოდა ლონდონში და წამოჯდებოდა სადმე პიკადილიზე.
მაგრამ ზოგმა კომფორტს პოლიტიკა ამჯობინა და პოლიტიკა კიდევ ყველაფერია კომფორტის გარდა. აგერ მე მკითხეთ – არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და რამდენი “გამოიმასქნებულის” დაბლოკვა მიწევს “ფეისბუქზე” ნეტავ ხვდებოდეთ. თან პირდაპირ რომ შეურაცხყოფაზე გადმოდიან უმიზეზოდ. და პოლიტიკური პარტიის წევრებს და ლიდერებს რამდენის ატანა უწევთ?
ახლა დაფიქრდით რამდენად კომფორტულია თქვენთვის ვიღაცამ უმიზეზოდ აგრესია გამოიჩინოს თქვენს მიმართ? ჰო-და ისიც მიკვირს, ეს ხალხიც კი რომ არიან პოლიტიკაში. თორემ რაც მე ჩვენს ოპოზიციური პარტიებში მყოფთა და პარტიების “კენწვლა” შემიძლია, იცოცხლე. უბრალოდ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს – რაც უკვე გითხარით.
არაა აუცილებელი მათი მადლობელი იყოთ, აკრიტიკეთ ბატონო, დაეხმარეთ რომ უკეთესები იყონ, მაგრამ რომ მიადგებით და აცამტვერებთ, მედლის მეორე მხარეზეც იფიქრეთ.
ვუბრუნდები “ახალი პოლიტიკური პარტიის” იდეას –
კაი, დავუშვათ და შეკარი ადამიანმა რაღაც გუნდი, სადაც ყველა “დიმიტრი გელოვანი” და “ეკატერინე ჭავჭავაძე” გყავს. მერე? იარლიყებს არ მოგაწებებენ? თქვენი ჭირიმე რა.
ისევ გახარია-ხაზარაძე უნდა ვახსენო – აი ხომ შეიძლებოდა “ქოცებს” ამათთვის ყველანაირი იარლიყი მიეწებებინათ და ყველაფერი დაებრალებინათ, მაგრამ მაინცდამაინც “ნაცობა” დააბრალეს. ანუ იმდენად არაფრად აგდებენ “ქოცები” თავიანთ ამომრჩეველს, რომ არც კი იწუხებენ თავს რამე ახალი მოიფიქრონ 2012 წლიდან.
არ მოგწონს “ქოცნება”? რამეში არ ეთანხმები “ქოცნებას”? “ნაცი” ხარ. შესაბამისად ნებისმიერი სხვა პარტიაც იქნება “ნაცი” და ვერავის გადმოიბირებს მათი Железобетонный ამომრჩევლებიდან. და თუ ვერავის გადმოიბირებ და დაძრავ ადგილიდან, უმოძრაო მასიდან, რა აზრი მაშინ “ახალ პარტიას”? ააგროვებ 3-4%-ს, ისიც სხვა ოპოზიციური პარტიების ხარჯზე და ესაა და ეს.
კარგი, დავუშვათ მაინც შექმენი ახალი პარტია. მოგაწებეს იარლიყები, მაგრამ არ აქცევ ყურადღებას.
ჩნდება სხვა საკითხები და პირველია – ფული. მე არ ვიცი თქვენ დააკვირდით თუ არა, მაგრამ პოლიტიკოსებსაც ჰყავთ ოჯახები, შვილები, შიათ და სწყურიათ. ეს ხომ ელემენტარული ყოფითი ამბებია, არა? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამომრჩეველს უნდა შეხვდე – ბენზინი გჭირდება, “ფეისბუქზე” და “ტიკ-ტოკზე” კარგი ვიდეო დადო და შესაბამისად ვინმე მცოდნის დახმარება გჭირდება და არც ეგაა უფასო. მოკლედ ყველაფერს სჭირდება ფული. და რაც უფრო დიდია პარტია, მით უფრო მეტი ფული სჭირდება მის შენახვას. ელემენტარულად სამყოფ ფულს ვგულისხმობ – ოჯახში რომ შეხვალ მშიერი ბავშვის თვალები რომ არ შემოგეფეთოს.
შესაბამისად ამ პოლიტიკოსების და პარტიების რჩენა ვიღაცამ უნდა აიღოს თავზე – ამის ორი გზაა. 1) მოდის ფულიანი ბიძა ან ბიძები, გაძლევენ ფულს. 2) მოდის 10.000 ადამიანი და ყოველთვიურად გირიცხავს რაღაც თანხას, დავუშვათ 100 ლარს. ამ მეორე შემთხვევაში ბუნებრივია გაცილებით ნაკლებად ხარ ვინმე ერთზე დამოკიდებული და ჩამოკიდებული და ეს ვარიანტი სჯობს, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ჩვენ არ ვართ ამას მიჩვეულნი. საქართველოში არ არსებობს პარტიებისთვის ყოველთვიურად ფულის გადარიცხვის კულტურა – ვიცი რომ აკეთებენ რაღაც პარტიები, მაგრამ მასიურად ხალხის ცნობიერებაში ჯერ ეგ არ დალექილა.
კაი, დავუშვათ იშოვე ფულიც. ახლა მოდის პარტიის პროგრამა – რას აპირებ განათლებაში, ეკონომიკაში, სასამართლოში და ასე შემდეგ. ნუ ჩემი აზრით ამას საერთოდ არავინ უყურებს საქართველოში და ბოლოს მაინც სახეზე მოსწონთ თუ არა იმის მიხედვით აძლევენ ხმას, მაგრამ მაინც საჭიროა.
ჯონჯოლივითაა პარტიული პროგრამები. ახლა ჯონჯოლისტები არ გამომენთოთ.
მაგრამ ეგეც კარგი – დავწერეთ პროგრამა. За всё хорошее, против всего плохого. მე მაგალითად მემარჯვენე ცენტრისტი ვარ, ზომიერად კონსერვატორი და დავუშვათ დავწერდი ისეთ პროგრამას სადაც არავის არაფერს ვაგინებ და სადღაც შუაში ვდგავარ. დავუშვათ.
– ხალხი მოვნახე, პარტია შევქმენი, ფული გვაქვს, პროგრამა გვაქვს ისეთი – ქვას ხეთქავს. რა ხდება მერე?
ტელევიზია და სოცქსელები კინაღამ დამავიწყდა – მაგრამ ჩავთვალოთ რომ ჩემი ტელევიზია მაქვს და სოცქსელებშიც არა მიშავს რა.
ვიწყებ ბრძოლას ხალხის ხმებისთვის.
“ნაციონალურ მოძრაობა” იქნება თუ “გირჩი” (ნებისმიერი), უკვე ყველას ჩამოუყალიბდა ამომრჩევლის ბირთვი, რომელსაც სხვა პარტია ძნელად გადმოიბირებს. მით უმეტეს ახალი, რომელსაც რაღაცეები ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს. მაგრამ დავუშვათ რომ ოპოზიციური პარტიებიდან მერყევი ამომრჩეველი გადავიბირე და გარკვეული რაოდენობა “ქოცი არ ვარ მაგრამ”-ების ხმაც წამოიღო. არიან ასეთებიც – მეგობრებში მყავს რამდენიმე და პატივს ვცემ მათ უფლებას ასეთებად დარჩნენ.
“ქოცების” ხმებს და იმათ ხმებს, ვინც 100 ლარს იღებს ერთ ხმაში ვერავინ წამოიღებს. მამაზეციერი ვერ წამოიღებს დაშინებული თუ მოქრთამული ხალხის ხმებს – მათი გაკიცხვით არ ვარ დაკავებული. ფაქტად ვამბობ. მოქრთამულს და დაშინებულს ან თავად მოქრთამავ, ან მეტად დააშინებ. ნუ შიშს გაუქრობ ვარიანტიც ვიფიქრე – მაგრამ ძველი მულტფილმი გამახენდა, ვეფხვს რომ თაგვის გული აქვს და გადავიფიქრე. ვისაც ეშინია – იმას მაინც შეეშინდება.
პარტიული აგიტაციაც დავუშვათ ვატარე. დავუშვათ იმასაც მივაღწიე, რომ რაიონებში მოსახლეობა დაშინებული კი არ მერიდება, პირიქით თავად მოდის შეხვედრებზე და მაქვს საშუალება ველაპარაკო.
ეს ყველაფერი შევძელი.
ავიღე დავუშვათ 52% ხმების. პირველივე არჩევნებზე. ამ დროს “ქოცნებამ” მიიწერა 54% და მეუბნება რომ ესაა არჩევნების შედეგი და უბრალოდ უნდა ვაღიარო და შევიდე პარლამენტში. რას ვშვრები მერე?
და აი ამ ადგილას ვართ ახლა გაჩერებულები.
ამ ეტაპზე მაქვს ორი გზა.
1) მშვიდობიანი პროტესტი, დაუმორჩილებლობა, ლეგიტიმაციის არმიცემა “ქოცნებისთვის” და საერთაშორისო ზეწოლა. რაც ახლა ხდება და სასწაულია ჯერ ოპოზიციური პარტიები რომ რაღაცნაირად ერთად ახერხებენ მთელს ამ პროცესში ყოფნას და აქამდე რომ გრძელდება ეს ყველაფერი.
ვარიანტი 2) რევოლუცია. მიწოლა ბოლომდე, იარაღის ძალით აჯანყება და ამის უფლება ხალხს აქვს. კონსტიტუციურადაც და ისედაც, ადამიანურადაც. მაგრამ ამ დროს ჩნდება ბევრი “თუ” და “მაგრამ”. ჯერ ერთი შენ რომ გადადო შენი თავი, სხვისი შვილებიც უნდა წაიყვანო წინ ბრძოლაში და იქიდანაც როგორც უნდა მიუდგე, შენი ხალხია. ბრძოლაში კი არა ხალხი რომ ციხეშია და მე გარეთ, მაგაზე ვგრძნობ თავს უხერხულად.
კაი დავუშვათ მე გავუძეხი – ვინ მომყვება და მომყვებით? სხვა ოპოზიციური პარტიები იქნება სხვა აზრის არიან? იქნებ არ ფიქრობენ ასე? მაშინ? რა აზრი ექნება ჩემს ქმედებებს და რა შედეგებს მოიტანს? რომ ითხოვთ ამ “ლიდერს”, ვინც ითხოვთ – სადამდე წაყვებით? რაში წაყვებით? რაზე ხართ მზად?
მე მხოლოდ პირველი ვარიანტის მზადყოფნას ვხედავ და თავადაც მშვიდობიან პროტესტს ვემხრობი. ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ შეიძლება მშვიდობიანი პროტესტი დამარცხდეს. მაგრამ “არამშვიდობიანი”-ც შეიძლება ზუსტად ასევე დამარცხდეს. ამ ეტაპზე გულწრფელად მჯერა რომ მშვიდობიანი პროტესტია პროტესტის ერთადერთი სწორი ფორმა. ასევე მჯერა რომ არაა საჭირო “ველოსიპედების გამოგონება” და არსებული პარტიები სრულად აკმაყოფილებენ ამომრჩევლის მოთხოვნილებებს.
ერთი რაც შეიძლება ამ მიმართულებით გაუმჯობესდეს – პარტიებში წინ წამოიწიონ არადაშტამპულმა ტიპებმა, რომლებსაც უკეთ შეეძლებათ ხალხთან საუბარი, “ხალხოსნურ”, გასაგებ ენაზე და ამ პარტიებს შიგნით წამოიწიოს “შიდა დემოკრატიამ”. მაგრამ “ტაბლოზე ანგარიშის მიწერას” ეგ ვერ უშველის.
ჩვენ აქ ერთმანეთს ვჭამთ, დაცვაში ვითამაშეთ ცუდად თუ ნახევარდაცვაში შეგვეძლო უკეთ თამაში, როდესაც ანგარიში უბრალოდ პირდაპირ ტაბლოზე მიგვიწერეს.
“ტელევიზიები გათავისუფლდეს” ლოზუნგებსაც არ ვიზიარებ. იყავი საინტერესო და მოგიწვევენ. ირგვლივ ყველას თუ დედას აგინებ – დაგბლოკავენ. მით უმეტეს შენ თუ ნახევარი ქვეყანა გყავს დაბლოკილი არასწორად დასმული “ლაიქის” გამო, მაინცდამაინც დიდი მორალური ავტორიტეტიც ვეღარ გექნება ამ შემთხვევაში. საერთოდაც, სოცქსელები არსებობს.
ეს ყველაფერი ბუნებრივია არ გამორიცხავს, რაიმე ახალი პარტია შეიქმნას და ამან გაამართლოს. ან თავად მე ვიყო რომელიმე ძველ თუ ახალ პარტიაში.
არც არანაირ პასუხისმგებლობას არ გავურბი – ეგ კი არა ჩემთვის პირადად სრულიად არასაჭირო “ბუღალტერია შევიტენე”.
დღეს ასე რომ ვფიქრობ, არ ნიშნავს რომ აზრს არ შევიცვლი. გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები.
პ.ს. ხომ გინდოდათ დისკუსია?! – იდისკუსიეთ” – წერს სოციალურ ქსელში კლუბ ,,რა? სად? როდის?” მოთამაშე ზურაბ ფარჯიანი.