“გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები – როგორ დასრულდა ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მცდელობა, რაღაც გაეკეთებინა ამ ქვეყანაში. პოლიტიკისგან შორს იქნებოდა ეგ კაცი, 100% დარწმუნებული ვარ.
“3 ივნისს ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძე მოკლეს. საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.
ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის ცხედარი მანქანაში დღეს დილით იპოვეს – მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა სავარაუდოდ ქვას წამოედო და წყალში ნახევრად ჩაიძირა.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ღამღამობით მდინარე ჭოროხის პირას საკუთარ ავტომანქანაში ათევდა ღამეს, რომ კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავმისადგომი არავის დაეზიანებინა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბესო ბოლქვაძეს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაუკავშირდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები, რომელთა ვინაობა ცნობილია და წილის დათმობა მოსთხოვეს, ასევე მოსთხოვეს ის, რომ ბესო ბოლქვაძეს მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი სხვა კატერისთვის დაეთმო.
ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ბესო ბოლქვაძეს უარით გაუსტუმრებია. ინფორმირებული პირების ვარაუდით, მკვლელობა სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.
ამ ეტაპზე ცნობილი არაა, ჰყავს თუ არა ახალგაზრდა კაცის ავტომატით ჩაცხრილვას თვითმხილველი – შემთხვევის ადგილის ირგვლივ საცხოვრებელი სახლები არ არის. საგულისხმოა, რომ ამ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანა პატრულირებს.
განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.” – წერს სოციალურ ქსელში ინტელექტკლუბის ,,რა? სად? როდის?” წევრი, ბროლის ბუს მფლობელი ზურაბ ფარჯიანი.
შეგახსენებთ, შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.