ზურაბ პატარაძე – შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტში საქართველო პოზიციონირებს არამარტო როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, არამედ როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა

ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული მოლაპარაკება, საერთაშორისო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას – ამ პროექტში საქართველო პოზიციონირებს არამარტო როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, არამედ როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა,- ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ეტაპი ძალიან მალე დასრულდება და მასში უშუალო ჩართულობის მომსწრეები გავხდებით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად გვესმის და ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული მოლაპარაკება, საერთაშორისო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ეტაპი ძალიან მალე დასრულდება და ჩვენ ყველა მომსწრე ვიქნებით ამ პროექტში ჩართულობის, მათ შორის, საქართველო პოზიციონირებს არამარტო როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, არამედ, პირველ რიგში, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა და შესაბამისად, ძალიან დიდი აქცენტია განახლებადი ენერგიის მიმართულებით, ამის გაფართოებასა და გაძლიერებაზე, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ამისთვის, რათა ეს პროექტი დროულად გადავიდეს შემდეგ ეტაპზე“,- განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა.
ზურაბ პატარაძის შეფასებით, უპრეცედენტო იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობაც.
“წელს ერთ მილიარდს გადააჭარბებს სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენს დერეფანს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი სატრანზიტო თვალსაზრისით და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. საუბარია შუა დერეფნის გაძლიერებაზე, ხელშეწყობაზე, რათა უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ ჩვენს რეგიონში და ამ კონტექსტში აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება. მომდევნო წლის დასაწყისში, დასრულდება ამ პროექტის გაფართოება და ერთი მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე იქნება შესაძლებელი ტვირთების გატარება რკინიგზით, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას და ხელშეწყობას“,- განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ