ზურაბ პაპასქირი: სოხუმის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია

“სოხუმის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია” – ასე გამოეხმაურა პროფესორი ზურაბ პაპასქირი ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
“ჩვენ ვართ დღესაც ფრონტის წინა ხაზზე, ჩვენი სკოლა მე პირდაპირ ვაცხადებ, სოხუმის უნივერსიტეტის საისტორიო სკოლა, რომლის ლიდერიც მე ვარ, დღეს დგას წინა ხაზზე, მთლიანად იღებს კონტრპროპაგანდის დატვირთვას, საქართველოს ერთიანობის იდეის გატანას და დღეს მე სკოლას მისპობენ.
დღეს გვაქვს კატასტროფული სიტუაცია, ყველა პროგრამა ამ წუთში დახურულია, სოხუმის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია. ისევ პედაგოგიური ინსტიტუტის ფორმატში გვაბრუნებენ, ეს არის კაპიტულაცია, ეს ვერ გააკეთა მოსკოვმა მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში.
(…) მთელ ისტორიას ანგრევენ, მთელ დევნილ საზოგადოებას სულში აფურთხებენ, ამ ყველაფრის მოთმენას ჩვენ არ ვაპირებთ და პირდაპირ ვამბობ, ჩვენ შეიძლება ძალიან დიდი პროტესტის, როგორც სოხუმის უნივერსიტეტი გახდა პროტესტის ფლაგმანი სოხუმში, 1989 წელს, ისე დღესაც შეიძლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა, სტუდენტებთან ერთად გახდეს ფლაგმანი უკვე დევნილი საზოგადოებისათვის.” – თქვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა TV პირველთან.
ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა განცხადა, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რთულია ვინმე შეეწინააღმდეგოს, თუ არ აქვს სუბიექტური ინტერესი.
“ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც მიესალმება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც ამას მიესალმება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც მიესალმება, რეგიონული და სხვა, ყველა მიესალმება ამ პრინციპს.” – თქვა პაპუაშვილმა.