ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი:
როცა მზია ამაღლობელზე ვსაუბრობ, ზოგჯერ შიში მიპყრობს, რომ მოუზომავ პათეტიკაში არ გადავიჭრა, იმდენად ეპოქალურ საქმესთან, იმდენად მონუმენტურ ფიგურასთან გვაქვს საქმე.
არადა ახლა რასაც ვწერ, 15 წუთის წინ ვეუბნებოდი ჩემს მეგობარს, ნათია ამირანაშვილს, ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე. ვეუბნებოდი, მზიას განაჩენის მოლოდინში როგორი სასოწარკვეთლი, შფოთვებით სავსე, თითქმის დათრგუნული წამოვედი თბილისიდან და როგორი წელგამართული, გამხნევებული, თავდაჯერებული და გამარჯვებაში დარწმუნებული ვბრუნდები სახლში.
იქ უნდა ყოფილიყავით, უნდა მოგესმინათ, და უნდა გეგრძნოთ. გადაღების აკრძალვაზეც არაფერს ვიტყვი, რადგან ვერცერთ კამერა ვერ გადმოსცემს ამას, ვერ გადმოსცემს იმას რასაც გვაძლევს მზია ამაღლობელი არა მხოლოდ მის კოლეგებს, არამედ, თამამად შემიძლია ვთქვა – ერს.
უნდა გეგრძნოთ, ამ “შუა ხნის, ჯანმრთელობაშერყეულ ქალს”, როგორც თვითონ ირონიზირებდა საკუთარ დახასიათებას, პროკურორებისგან ტირაჟირებულს, როგორი ფოლადი გამოერეოდა ხოლმე ხმაში, როდესაც ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა ან როგორ ყლაპავდა ცრემლებს და ებრძოდა ყელში მოწოლი ბურთს, როდესაც ადამიანური ემოცია სძლევდა, როგორი მართალი იყო და როგორი დიდი ამ სიმართლის გამო.
უნდა მოგესმონათ, როგორ ჭექდა და ქუხდა დღეს ფიზიკურად სუსტი ქალის, მზია ამაღლობელის სიტყვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან მიმართული მთელი საქართველოსადმი, მთელი თავისუფალი სამყაროსადმი.
უნდა დაგენახათ, როგორ ქონდრისკაცებად მოჩანან პროკურორებიც, ცრუმოწმეებიც, პრემიერიც, და მრავალი სხვაც, ვინც მის დამცრობას ცდილობს, ზურგგამაგრებული ფულითა და ძალაუფლებით, დაცდლილი სინდისისგან და მორალისგან.
ნათიას ვუთხარი, რა ბედნიერებაა რომ მე წარმომადგენს მზია ამაღლობელი, მათ კი… და სახელებიც აღარ ჩამოვთვალე, და ცოტა შემეშინდა კიდეც, ნამეტანი ხომ არ მომდის მეთქი. მაგრამ ასეთი დარწმუნებული გამარჯვებაში, ჩემი ქვეყნის გამარჯვებაში, ჩემი ხალხის გამარჯვებაში, თავისუფლების გამარჯვებაში არ ვყოფილვარ მას შემდეგ რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო.
ყველაფერი ახლა იწყება!