ზურაბ გურული: 29 აპრილის შემდეგ “ოცნების” საერთაშორისო პოლიტიკური რეაბილიტაცია ვერასოდეს მოხდება

“ამერიკული სანქცია მხოლოდ მოგზაურობის და ფინანსების საერთაშორისო შეზღუდვებში არ გამოიხატება. საქცირებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ყველგან და ყოველთვის, სამუდამოდ იქნებიან მსოფლიოს საგანმანათლებლო, ფინანსური, პოლიტიკური და სოციალური სისტემების შავ სიებში.
ის ახალგაზრდები, რომლებიც “ოცნების” პოლიტიკური ტრამპლინით მშვიდად აპირებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში კარიერის გაგრძელებას, სამუდამოდ დაემშვიდობებიან ამ შესაძლებლობას, რადგან თავად “ოცნება” დაფიქსირდა უკვე როგორც არადემოკრატიული, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა მსოფლიოს უმაღლესი პოლიტიკური ინსტიტუტების მიერ. შესაბამისად, მსოფლიოს პოლიტიკურ “კეთროვანთა” სიაში შევლენ ავტორიტარული რეჟიმის მაღალი რანგის, საერთაშორისო ასპარეზზე მყოფი მოსამსახურენი, მათ შორის დიპლომატებიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს, პროკურატურის, უმაღლესი პოლიტიკური ინსტიტუტების, ძალოვანი სტრუქტურების, მედია-პროპაგანდისტების, პარა-კრიმინალურ ბიზნესში ჩართული კერძო პირების დასანქცირება მხოლოდ მათ არ ავნებთ. ეს დაეტყობა მთლიანად ქვეყანას. არცერთი ნორმალური საერთაშორისო პოლიტიკური თუ ფინანსური ორგანიზაცია არ დაიჭერს საქმეს საქართველოსთან და ინვესტიციები დემოკრატიული სამყაროდან პრაქტიკულად განულდება. ერთადერთ ალტერნატივად დარჩება მსოფლიოს ყველაზე საშიში, ავტორიტარულ-დიქტატორული რეჟიმები, რომელთა შემოსვლა კიდევ უფრო გარიყავს საქართველოს პროგრესული მსოფლიოდან და ამავე დროს სრულიად დააკაბალებს, რადგან არავინ იქნება ჩვენი მოკავშირე და გარანტორი არც ფინანსურ და არც პოლიტიკურ ასპარეზზე.
ცოტა მოგვიანებით ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლებსაც დაარტყამს ფინანსურად ეს ტალღა. მზარდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეუძლებელი გახდება მათი დაფინანსება. ეს უნდა გაითვალისწინონ იმ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმაც, რომლებიც გულგრილად შეჰყურებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჰგონიათ რომ ეს მათ არ შეეხებათ.
“ოცნება” წარმატებით ახორციელებდა თავის პოლიტიკურ კამუფლაჟს მანამ, სანამ 29 აპრილს მისმა დამფუძნებელმა ღია ტექსტით “ომი” არ გამოუცხადა დემოკრატიულ სამყაროს. ეს იყო ყველა არსებული “ხიდის” ერთდროულად “დაწვის” დღე. 29 აპრილის შემდეგ “ოცნების” საერთაშორისო პოლიტიკური რეაბილიტაცია ვერასოდეს მოხდება; მხოლოდ ერთი, უკანასკნელი შანსი რჩება ამ პათოლოგიური ფსევდო-პოლიტიკური კონგლომერატის და მისი მსახურებისათვის, მშვიდობიანად დათმონ ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არა მარტო დასანქცირდებიან, არამედ გასამართლდებიან საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების მიერ.
იმედია, მათ ეყოფათ ბაზისური ინსტიქტები იმისათვის, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება გაითვალისწინონ და საფლავში არ ჩაყვნენ თავიანთ “ფარაონს”. თუ არა, “პირამიდა” დიდია და ყველას დაიტევს,” – წერს სოციალურ ქსელში -ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, .